28-05-2020
რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართეთ ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ და ის პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც დღეს იქნება, არის აბსოლუტურად რეალისტური და კონკრეტული. ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე პუნქტს ამ პროგრამიდან: საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაშიდაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4 პროცენტს ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე. რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გადაწყვეტს. გარდა ამისა, ბოლო თვეების განმავლობაში ამ კრიზისის პერიოდში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „აქსის თაუერსში“, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, 2 წლის განმავლობაში 2019 და 2020 წლებში 25000 იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ციფრი - ბოლო 2 წლის განმავლობაში, 2019 და 2020 წლებში, 25000 იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის. რა თქმა უნდა ჩვენ, მთავრობა ვერანაირად ვერ მივატოვებთ ამ ხალხს შუა გზაზე და ვერ მივატოვებთ ამ სამშენებლო კომპანიებსაც ასე ბედის ანაბარა. ამიტომ, მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა ეკუთვნის და მიძღვნილია დეველოპმენტის და სამშენებლო კომპანიებისთვის. ამიტომ ვდგამთ ჩვენ ამ ნაბიჯს, რომ პირველ რიგში დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომლებმაც განიზრახეს ან უკვე შევიდნენ პროცესში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ან უკვე კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ, ან უკვე დანაზოგები აქვთ და განზრახული ჰქონდათ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.