29-05-2020
„პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა ამომრჩეველი, კარგად არჩევს თეთრსა და შავს, ზუსტად იცის, ვის უნდა ანდოს საკუთარი სამშობლო“, - ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება.
მისი თქმით, ამომრჩევეთა 55% მზად არის, კვლავ მმართველ პარტიას მისცეს ხმა.
„დარჩება თუ არა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით? ამ კითხვაზე პასუხი Gorbi-ის კვლევაშია. დიახ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, პოლიტიკურ პარტიას მესამე ვადით ანდობს ხელისუფლებას ამომრჩეველი. 55% მზად არის, კვლავ მმართველ პარტიას მისცეს ხმა, რაც სრულიად საკმარისია მყარი საპარლამენტო უმრავლესობისა და, შესაბამისად, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. კრიზისულ ვითარებაში (როცა ერთად იდგა ქართველი ხალხი, ქართველი ექიმები და „ქართული ოცნება“) ხელისუფლების ქმედებებს სწორად აფასებს და დადებითად არის განწყობილი 63%, ასეთი მაღალი ნდობა უპრეცედენტოა და მმართველ ძალას პოლიტიკურ ველზე უპირობო ლიდერად აყალიბებს. ოპოზიცია და მისი ლიდერი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც უკვე მინისტრების პორტფელებს ინაწილებს, მხოლოდ 12%-იანი ნდობით სარგებლობს. არც ეს შედეგია გასაკვირი იმ ფონზე, როგორ იქცეოდა ოპოზიცია კრიზისულ სიტუაციაში - ებრძოდა ექიმებს, მართლმადიდებლურ ეკლესიას, საკუთარ ხალხს, ავრცელებდა ყალბ ინფორმაციებს და თესავდა პანიკას. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კვლევაში კი ის გახლავთ, რომ პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა ამომრჩეველი, კარგად არჩევს თეთრსა და შავს, ზუსტად იცის, ვის უნდა ანდოს საკუთარი სამშობლო. 2020 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებია, თუმცა დღეს უკვე ვიცით გამარჯვებულისა და დამარცხებულის ვინაობა“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხული მოსახლეობის 55% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 12% - „ნაციონალურ მოძრაობას“", 6% - „პატრიოტთა ალიანს“, 4%-4% - „ლეიბორისტულ პარტიას“ და მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, 3% - „ევროპულ საქართველოს“, 1% - დემოკრატიული მოძრაობა „ერთიან საქართველოს“.
კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა.
მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს.