29-05-2020
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კორონავირუსის პანდემიის პერიოდს საქართველოში ატარებს და ის ფორმის შენარჩუნებას, მშობლიური გუნდის „დინამო თბილისის“ ბაზაზე ცდილობს.
გიორგი ჩაკვეტაძემ დინამოსთან მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების მომავალ თამაშებზე ისაუბრა, რომელიც ერთა ლიგის ეგიდით უნდა გაიმართოს.
„წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ფინალშიც ვითამაშებთ და ყველამ კარგად იცის, რა მნიშვნელობის თამაშებია ჩვენი ქვეყნისთვისა და ნაკრებისთვის. ყველას გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ამაზე კარგი შანსი შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში აღარ გვქონდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ“ – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.
ნახევარფინალურ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ბელარუსს შეხვდება და ფინალში გასვლისთვის იბრძოლებს.
აღნიშნული შეხვედრა 26 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო, თამაში გადაიდო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები რეალიზაციაზე გამოტანიდან რამდენიმე დღეში სრულად გაიყიდა.
მატჩის ჩატარების თარიღი ამ დრომდე უცნობია.