გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

29-05-2020

2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

„ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო დაფიქსირებული 30 პროცენტზე მეტი. დღეს საქართველოში სიღარიბე არის დაფიქსირებული 19.5 პროცენტი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7 პროცენტიდან 25.5 პროცენტამდე. მე არაფერს არ ვიტყვით იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით წელს, პენსია გაიზარდა 20 ლარით. პირველი ივლისიდან, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პენსიის ზრდა გაგრძელდება და გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80 პროცენტი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი, მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ეს არის საკმარისზე ბევრად ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ კრიზისში ვართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ყველა ამ ციფრის უკან საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური, მძიმე ცხოვრება დგას.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ დინამიკა სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ქვეყანაში, თითოეული მოქალაქისთვის იმედისმომცემი მაინც ყოფილიყო. შეგვექმნა უბრალოდ ელემენტარული დინამიკა სიღარიბესთან ბრძოლის კონტექსტში, რომ გვქონოდა გარკვეული პროგრესი მაინც“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930