29-05-2020
„ვხედავ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან, განსაკუთრებით, ბოლო ორი დღეა და მათ ამისთვის ყველა საფუძველი აქვთ, რომ არ იყვნენ მშვიდად, მაგრამ მთავარი გაბრაზება თქვენ ოქტომბერში გელოდებათ“, - ასე მიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენელებს პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენს.
დიმიტრი ხუნდაძემ თავის გამოსვლაში ბავშვთა სიღარიბეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში არ დაწყებულმა გუშინ და არც გუშინწინ.
„რა თქმა უნდა, პრობლემა არის, მაგრამ როცა საუბრობთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ბავშვთა სიღარიბე, მინდა შეგახსენოთ შეადარეთ თქვენი მოღვაწეობის პერიოდს და მინდა გითხრათ, რომ იმ დროს, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში, მაშინ ბავშვთა მდგომარეობა იყო უარესი და დღეს ბავშვთა მდგომარეობა არის უკეთესი, რაც მნიშვნელოვანია. ტერმინი - შიმშილობის გამო ბავშვები საქართველოში იღუპებიან - არის ტყუილი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ არასრულფასოვან კვებაზე - ეს არის რეალობა და არა ის, რომ ქვეყანაში შიმშილობაა, რასაც ყოველდღიურად აგონებთ ტყუილს საზოგადოებას, რომ ისინი დაძაბოთ, ისპეკულიროთ და ამით მიიღოთ პოლიტიკური სარგებელი“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ სწორედ ბავშვთა სიკვდილობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
„პიკური მაჩვენებელი ბავშვთა სიკვდილიანობის 0-დან 5 წლამდე იყო 2009 წელს და დღეს, საბედნიეროდ, ეს არის მნიშვნელოვნად დაკლებული და უახლოვდება საერთო ევროპულ მაჩვენებელს და მხოლოდ მცირედით ჩამორჩება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრისას, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ხშირად ოჯახები უარს ამბობდნენ ბავშვის ყოლაზე იმიტომ, რომ ელემენტარულად არ ჰქონდათ მშობიარობის გადასახდელი.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა - შობადობის დაფინანსების პროგრამა, რის შემდეგაც რამდენიმე ასეულმა ათასმა ოჯახმა იყოლია ბავშვი და ამის საფასური გადაიხადა სახელმწიფომ და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, 2014 წელს შემოღებული იქნა შობადობის წამახალისებელი პროგრამა - ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა.
„ეს იმ კრიზისულ რეგიონებში და ასეთი შვიდი რეგიონიო, სადაც სიკვდილობა ჭარბობს შობადობას და ეს პრობლემა დაწყებულია სწორედ იმ პერიოდში როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში. ასევე, დავიწყეთ ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა - რომელიც პროგრამულად აფინანსებს ორსულებს იმ მედიკამენტებით, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, ანუ ჩვენ ბავშვებზე ვზრუნავთ ჩანასახშივე“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამების შემდეგ, ქვეყანაში შემცირდა აბორტების რიცხვი.
„აბორტების რიცხვის პიკური მაჩვენებელი იყო თქვენი ხელისუფლების პერიოდში - 2012 წელს, როცა დაფიქსირდა ქვეყანაში თითქმის ორმოცი ათასი მხოლოდ რეგისტრირებულ აბორტი და სხვათა შორის, ამ პროგრამებით, რაც ჩამოვთვალე, დღეს მნიშვნელოვნად არის აბორტების რიცხვი შემცირებული და ის 2019 წლის მონაცემებით 27 ათასია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შემოვიღო მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, რომელიც წინა ხელისუფლებამ გააუქმა.
დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ბავშვებისათვის მნიშვნელოვანი იყო საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა, სადაც კვების რაციონი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და წელიწადში ბავშვებზე სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში, მხოლოდ კვებაზე, დაახლოებით 56 მილიონი იხარჯება.