1-06-2020
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, საზოგადოებას მოუწოდებს, რომ სადარბაზოებსა და ლიფტებში ნიღაბი ატარონ. მისი თქმით, რაც უფრო მეტად მოდუნდება საზოგადოება, ინფექციის ტალღის გაჩენის რისკიც მით უფრო მოიმატებს.
„ისევე როგორც ამერიკის, იტალიის, ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ჰოსპიტალურ სექტორებს, განუზომელი შესაძლებლობები არც ჩვენ გვაქვს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცირება, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ ვივლით სტუმრად და ნურც დიდი რაოდენობით სტუმარს მივიღებთ. ნიღაბი ვატაროთ სადარბაზოებსა და ლიფტებში, რადგან შესაძლოა, ჩვენამდე 5 წუთით ადრე აქ ინფიცირებული ადამიანი იმყოფებოდა. თუკი, ამ რეკომენდაციებს დავიცავთ, ვირუსი მართვადი პანდემიის სახეს მიიღებს. სადავეები თითოეული ადამიანის ხელშია. თუკი წონასწორობას დავკარგავთ, ეს ყველაფერი ისევ ჩვენს ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, ჩაკეტვასა და ყველაფრის გაჩერებაზე აისახება, რამაც შესაძლოა მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს, ვიდრე კორონავირუსმა. არ მივცეთ უფლება მას, რომ გაიმარჯვოს ჩვენზე, ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა გავიმარჯვოთ კორონავირუსზე“ - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 250.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.