1-06-2020
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ რეგიონის პედაგოგებთან და საჯარო სკოლების დირექტორებთან დისტანციური შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას, ხვანჭკარის,ნიკორწმინდის, ღების, ზუბის, ონის, ლენტეხის, რხმელურისა და ლასურიაშის სკოლების პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ.
რწმუნებულმა აბიტურიენტებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფისთვის.
სოფლებში დისტანციური სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
როგორც დირექტორებმა აღნიშნეს, არსებულმა გამოწვევამ ახალი შესაძლებლობები დაანახა პედაგოგებს და დისტანციურ სწავლებაში პირველივე დღეებიდან ჩაერთნენ.
არჩილ ჯაფარიძე მასწავლებლებს განათლების ანტიკრიზისული გეგმის შესახებაც გაესაუბრა, მათგან სწავლების პროცესში ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ ინფორმაცია მიიღო და მიმდინარე სასკოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო, მათ შორის ახალი სკოლების მშენებლობა ლაილაშსა და ჭყვიშში.
„ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გაართვა თავი პანდემიას, სწორედ თითოეული თქვენგანის ძალისხმევით, რომელიც კრიზისულ პერიოდში გამოიჩინეთ, მთავარი რაც არის სასწავლო წელი შედგა და თქვენ, სამინისტროსთან ერთად უზრუნველყავით სასწავლო პროცესის უწყვეტობა.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ შემართებისთვის.
სწორედ თქვენი ასეთი პასუხისმგებლობის, ჩვენი გამორჩეული ახალგაზრდების და მათი მშობლების დამსახურებაა ის შედეგები, რომელსაც ყოველ წელს ვზეიმობთ გამოცდების შედეგების გამოცხადებისთანავე“-განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.