1-06-2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას აზრით, ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არაა საჭირო, რომ რეგულაციები სახელმწიფომ დააწესოს, ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები და რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავსა და ჩვენს ოჯახებზე.
„ჩემი აზრით, რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება, იმიტომ, რომ საბურთალოს კლასტერი თავიდან ბოლომდე შეისწავლება, ყველა იზოლირებულია, ტარდება კვლევები და ეს კლასტერი არ გავრცელდება. რაც შეეხება სხვა კლასტერებს, ყველაზე ცხელი წერტილები იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, სადაც უკვე ბოლოსკენ გავდივართ. ვნახოთ, როგორი იქნება შემდეგი ორი კვირა, იმიტომ რომ კონტაქტები შესწავლილია და მიმდინარეობს საინკუბაციო პერიოდი. თუმცა მუდმივად ვიმეორებთ, რომ არაა საჭირო, რომ რეგულაციები სახელმწიფომ დააწესოს. ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები და რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავსა და ჩვენს ოჯახებზე“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.