27-03-2018
რუსული რადიოსადგურის «Радио Эхо Москвы»-ს ვებ-გვერდზე ანდრეი სუზდალცევის ავტორობით სტატია ქვეყნდება, სადაც ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტია შეფასებული.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს მცირე შემოკლებით:
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ტრადიციული საეჭვო სიმპათიები რუსეთის მიმართ. ჯერ ერთი, რომ ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ იმედიანად განაცხადა - მჯერა, მოსკოვი მინსკს მეგობრული დახმარების ხელს გაუწვდისო (თუმცა იქვე შეაპარა - იქნებ ნავთობ-გაზისა და რძის ექსპორტ-იმპორტის სადაო საკითხებიც მოვაგვაროთო), მეორე - საქართველოში ყოფნის დროს რუსეთის ლიდერის მისამართით ეპითეტები გააჟღერა - „ჩემი ძმა და მეგობარიაო“. არადა, ამ განცხადებამდე სულ რაღაც სამიოდე კვირის წინათ ალექსანდრ გრიგორევიჩი იქადნებოდა, რუსეთზე შურს ვიძიებ, რატომ თქვა ჩვენს რძეზე და რძის პროდუქტებზე უარიო. რაიმე საიდუმლო ბელარუსის პრეზიდენტის განწყობის შეცვლში არ არსებობს: მოკლედ, როგორც ჩანს, „ბატკას“ ფული შემოაკლდა...
საერთოდ, მინსკს მოსკოვის მიმართ ბევრი პრეტენზია აქვს, რომლებიც ხშირად ულტიმატუმური ფორმით ჟღერდება: თუ ჩვენ სამოკავშირეო სახელმწიფო გვქვია, მაშინ: ა)მუდმივად უნდა დამეხმარო კრედიტების (ვალების) „ორმოდან“ ამოსვლაში და რუსული გაზი და ნავთობი შიდარუსული ფასებით უნდა მომცე; ბ)ჩემი არმიაც შენი არმიისავით უახლესი იარაღით უნდა აღიჭურვოს; გ)ჩემი პროდუქცია, თუნდაც უხარისხო იყოს, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე უნდა მიიღო; დ)რუსეთის საზღვარი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის ბარიერი არ უნდა იყოს. რუსეთი ვალდებულია აღიაროს მინსკის მიერ გაცემული ვიზები; ე)კრემლმა უნდა აღიაროს, რომ მისთვის ბელარუსი გარესამყაროსთან დამაკავშირებელი შუამავალია.
რასაკვირველია, ბოლო ხანებში რუსეთსა და დასავლეთს შორის ესკალაციის მატება, რომელიც თანდათან გლობალურ ხასიათს იღებს, ბელარუსისათვის ძალზე მომგებიანია. ალექსანდრ გრიგორევიჩისათვის დღეს გეოპოლიტიკა „მაშველი რგოლის“ როლს ასრულებს, ხოლო თვითონ ბელარუსის პრეზიდენტი გეოპოლიტიკურ მაროდიორობას ეწევა.
გასაგებია, რომ ალექსანდრ გრიგორევიჩის პრეტენზების ჩამონათვალი უფრო გრძელია, მაგრამ რაც ვთქვით, ისიც ნათლად გვაჩვენებს, რომ მინსკი ტრადიციულად მომხმარებლური კუთხით უდგება რუსეთთან ურთიერთობის საკითხს, სურს რუსეთის კმაყოფაზე იყოს. მინსკი კარგად ხედავს, თუ რა უდიდეს ზეწოლას ახდენს დასავლეთი მოსკოვზე და იმედი აქვს, რუსეთი თავის ერთადერთი მოკავშირის - ბელარუსის მიმართ დათმობებზე წავა.
ალბათ, სწორედ ამიტომაც სჯერა ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომ თავისი პირველი საზღვცარგარეთული ვიზიტით ვლადიმერ პუტინი მინსკს ეწვევა. თბილისში ყოფნისას მან ვლადიმერ პუტინის მიმართ ისეთი ეპითეტები იხმარა, რომ კრემლმცოდნეობის სპეციალისტს შეშურდებოდა: „მე რუსეთის პრეზიდენტთან მაგარი ურთიერთობები მაქვს, ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომელიც ჩვენ არ მოგვეგვარებინაო“. რასაკვირველია, ალექსანდრე ლუკაშენკო ის კაცი არაა, ვინც შექმნილი ვითარებიდან დივიდენდებს არ ელოდება! ჰოდა, ქართველებს იმედიანად უთხრა: „რაც შეეხება თქვენს ურთიერთობას რუსეთთან, მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი ყველა პრობლემას გადაგიწყვეტთ“.
საინტერესოა, ბელარუსის ლიდერმა წინასწარ თუ ჰკითხა მოსკოვს - უნდა რუსეთს „საქართველოსთან ყველა პრობლემის „გადაწყვეტა“? სხვათა შორის, თბილისს და მოსკოვს თავიანთი პოლიტიკური საკომუნიკაციო არხები აქვთ და საეჭვოა, მათ ბელორუსული „გაფუჭებული ტელეფონი“ სჭირდებოდეთ! აქ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ თბილისი, მოსკოვთან დიალოგის დაწყების მთავარ პირობად რუსეთის მხრიდან აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებას და მათი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას ითხოვს! აქედან გამომდინარე კითხვა: შეუძლია ალექსანდრ გრიგორევიჩს, რომ სოხუმი და ცხინვალი საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნოს?
სხვათა შორის, თბილისური ვოიაჟის დროს, ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიოული მთლიანობა დაადასტურა და აფხაზეთი მკვეთრად უარყოფითი ტონით მოიხსენია. ესეც გასაგებია მისი მხრიდან: მოსკოვსა და დასავლეთს შორის გამწვავებული კრიზისის პირობებში ალექსანდრ გრიგორევიჩი თვლის, რომ მას „მღვრიე წყალში თევზის დაჭერის“ უფლება აქვს...
--------
p.s. სტატიის ავტორი ანდრეი სუზდალცევი მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა.