27-03-2018
რაგბი ევროპის 2018 წლის გათამაშება ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური გამოდგა. ტურნირი, რომელიც "სლემით" მოიგო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, დიდი სკანდალით დასრულდა, როცა ბელგიის ნაკრებმა 16:10 დაამარცხა ესპანეთი და მსოფლიოს თასის ავტომატური საგზური ესპანეთის ნაცვლად, რუმინეთმა მიიღო.
► რუმინეთის ნაკრები მსოფლიოს თასზეა? ჯერ გამოძიებას დაველოდოთ.
იმ შეხვედრას რუმინელი (?!) არბიტრი სჯიდა, რომელმაც სტუმრების საზიანოდ ბევრი გადაწყვეტილება მიიღო, ბოლოს კი გაავებულ ესპანელებს ცოცხალი ძლივს გადაურჩა.
ამ საკითხს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაც იძიებს. რაგბი ევროპის საბჭო ამ საკითხზე დღეს შეიკრიბება, მაგრამ...
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნები კიდევ უფრო დიდ სკანდალში გაეხვნენ, ვიდრე არაობიექტური მსაჯობაა.
რუმინეთის ნაკრებმა შესაძლოა, მსოფლიოს თასის საგზური და გასული სეზონის ჩემპიონის ტიტული დაკარგონ.
rugger.info-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი სიონე ფაკაოსილეაა, რომელიც რუმინულ ბაია მარესა და რუმინეთის ნაკრებში თამაშობს.
ტონგელი სამი წლის განმავლობაში რუმინეთში თამაშობდა, 2017 წელს კი მისი დებიუტი შედგა რუმინეთის ნაკრებში. მაგრამ ჰქონდა კი მას ამის უფლება?
წესის მიხედვით, თუ სამი წლის განმავლობაში (ახლა ხუთამდე იზრდება) მოთამაშე სხვა ქვეყანაში ასპარეზობს, მას აქვს იმ ქვეყნის ნაკრებში თამაშის უფლება, თუ მშობლიური ქვეყნის ნაკრებში არ უთამაშია. სიონე ფაკაოსილეას კი შვიდკაცა რაგბიში მსოფლიო სერიაში უთამაშია ტონგის ნაკრების შემადგენლობაში. ეს გოლდ კოსტის ტურნირზე მოხდა (2013 წლის ოქტომბერში). ის ამ შეხვედრაში შეცვლაზე გამოვიდა.
შვიდკაცა რაგბის მსოფლიო სერია კი მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის ოფიციალური ტურნირია და შესაბამისად, ფაკაოსილეას რუმინეთის ნაკრებში გადასვლის უფლება არ ჰქონდა.
საქმე ისაა, რომ მორაგბეს სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში არ უნდა მოერგო ტონგის ნაკრების მაისურა, შემდეგ კი ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ციკლში, სულ მცირე, ორი ტური ეთამაშა რუმინეთის შვიდკაცა ნაკრებში, რაც არ მომხდარა.
ზუსტად ასეთი დარღვევისთვის, რუსეთის ნაკრები მსოფლიოს თასის 2003 წლის გათამაშების საკვალიფიკაციო ტურნირს ჩამოაცილეს.
ორი ვარიანტია - ან რუმინეთის ნაკრებში იცოდნენ და განზრახ დაარღვიეს მოთამაშის ნატურალიზების წესი, ან კიდევ მათ ეს ინფორმაცია არ ჰქონდათ.
თუ დამტკიცდა, რომ 2013 წელს ტონგის ნაკრებში მოთამაშე სიონე ფაკაოსილეა და ახლა რუმინეთის ნაკრებში მოთამაშე სიონე ფაკაოსილეა ერთი და იგივე პიროვნებაა, მაშინ რუმინულ რაგბის სანქცია არ აცდება.
რუმინეთის ნაკრებს ტექნიკური წაგება ჩაეთვლება საქართველოს, რუსეთისა და ბელგიის ნაკრებებთან მატჩებში, ვგულისხმობთ, შარშანდელ გათამაშებას. ასევე, ყველა წლევანდელ მატჩში.
თუ ასე მოხდა:
1. საქართველოს ნაკრები 2017 წლის რაგბი ევროპის ტიტულს მიიღებს.
2. რუმინეთის ნაცვლად მსოფლიოს თასის საგზურს რუსეთი მიიღებს.
1. საქართველოს ნაკრები 2017 წლის რაგბი ევროპის ტიტულს მიიღებს.
2. რუმინელებს უბრალოდ, საკვალიფიკაციო ტურნირიდან მისცემენ დისკვალიფიკაციას. ამ შემთხვევაში, პირველი ესპანეთია და ავტომატურ საგზურს ის მიიღებს.
3 მარტს ბელგია-გერმანიის მატჩში მასპინძელთა რიგებში ვიქტორ პაკემ ითამაშა. მას საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები.
L'Union-თან ინტერვიუში პაკემ თქვა: "ბელგიის ნაკრების თავკაცმა გიომ აიაკმა დამირეკა და მკითხა, ხომ არ მქონდა ბელგიური წარმოშობა. რაზეც ვუპასუხე, რომ ჩემი დიდი ბებია ბელგიიდან იყო".
არადა, რაგბის წესების თანახმად, საჭიროა, რომ წინაპარი ბებია ან ბაბუა მაინც იყოს და არა დიდი ბებია.
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ უკვე მოკვეთა ტაიტის ნაკრები და ახლა ეჭვი რუმინეთზე და ბელგიაზეა.