4-06-2020
თბილისის პროკურატურამ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორების მიერ დევნის შედეგად შეჩერებული იქნა ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოსულმა გ.ა-მ და ნ.თ-მ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა პატრულ-ინსპექტორებს - ი.კ-ს და ზ.მ-ს.
ნ.თ-ს და გ.ა-ს მიერ განხორციელებული ქმედებით ი.კ-ს და ზ.მ-ს არ მიეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.
სამართალდამცველებმა ნ.თ და გ.ა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ნ.თ-ს და გ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.