6-06-2020
საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე მ.გ.-ს ბრალდება 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ხოლო მ.ხ.-ს ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის 3 ივნისს, ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.ხ.-მ ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ვ.კ.-ს ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მ.გ.-მ კი დანით გ.წ.-ს სახისა და ფეხის არეში, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღით ი.პ.-ს ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა.
გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.
პროკურატურა საქალაქო სასამართლოს მიმართავს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.