გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა არის SPF-ი? იცავს თუ არა ის ადამიანს კიბოსგან და დღეში რამდენჯერ არის საჭირო მისი წასმა?

8-06-2020

მზის აბაზანა მხოლოდ D ვიტამინს, კარგ განწყობასა და ლამაზ რუჯს არ გულისხმობს. ამ ყველაფრის პარალელურად ნაადრევი ფოტოსიბერე, იმუნური სისტემის აქტიურობის დაქვეითება, კატარაქტისა და კანის კიბოს განვითარების რისკი დგას. ამის მიზეზი კი ულტრაიისფერი გამოსხივებაა.


მზის სხივები ამდენად საშიშია?


მზის ულტრაიისფერი სხივების სპექტრი სამ ტიპად იყოფა, რაც ტალღის სიგრძეზეა დამოკიდებული. A სპექტრის ულტრაიისფერი სხივები (UVA) ყველაზე “გრძელია”, რაც გამოსხივების დაახლოებით 95% -ს შეადგენს. მათ ღრუბლებისაც „არ ეშინიათ“. შესაბამისად, A- სხივები აქტიურია მოღრუბლულ ამინდშიც და შენობის კედლებშიც (არეკლილი სინათლე). მათი ზემოქმედება უმტკივნეულოა, თუმცა კანში ღრმად შეღწევა და დერმის უჯრედების დაზიანება შეუძლიათ. A სპექტრის ულტრაიისფერი სხივი იწვევს: 


-    ფოტოდაბერებას (ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოების მიმართულების ცვლილება, რის შედეგადაც კანი ელასტიურობას კარგავს და ნაოჭები ჩნდება);
-    მზისადმი ჰიპერმგრძნობელობას, რასაც ხშირად ალერგიას უწოდებენ (სიწითლე, ქავილი, დერმატიტი); 
-    პიგმენტაციის დარღვევასა (პიგმენტური ლაქების წარმოქმნა);
-    კანის კიბოს. 


B სპექტრის ულტრაიისფერი სხივების (UVB) ტალღის სიგრძე საშუალოა. ისინი დედამიწის ზედაპირამდე მოღწეული ულტრაიისფერი გამოსხივების მხოლოდ 5%-ს შეადგენენ. B სპექტრის ულტრაიისფერ სხივებს ეპიდერმისში შეღწევა შეუძლიათ. სწორედ მათი „წყალობით“ ადამიანი არა მხოლოდ რუჯს, არამედ დამწვრობასაც იღებს, შეიძლება განვითარდეს ალერგია და კანის კიბო. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანი UVA და UVB სხივებისგან დავიცვათ.

C სპექტრის ულტრაიისფერი სხივები (UVC) რადიაციის ტიპებს შორის ყველაზე საშიშია. თუმცა ულტრამოკლე ტალღის გამო ის დედამიწის ზედაპირს საერთოდ ვერ აღწევს, რადგან  ოზონის შრეში შთაინთქმება.


რა არის SPF-ი?


SPF (Sun Protection Factor - მზისგან დამცავი ფაქტორი) არის ნივთიერება, რომელიც ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავს და კანს მავნე ზემოქმედებისგან იცავს. როგორც წესი, შეფუთვაზე მითითებულია SPF-ის შემადგენლობა, რაც 5-დან 100-მდე მერყეობს. SPF 5-10 საბაზისო დაცვაა და ყველაზე სუსტია, SPF 15-25 საშუალო დაცვაა, SPF 30-100 მაქსიმალურია.

სტატისტიკის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც  SPF 15-ის ან მზისგან დამცავი ფაქტორის უფრო მაღალი შემცველობის კრემებს ყოველდღიურად ხმარობენ, კანის დაბერების პროცესს 24%-ით ამცირებენ. ამავდროულად მელანომის შემთხვევების 50-70%-ი მზის სხივების ჭარბ ზემოქმედებას უკავშირდება. 


როგორც წესი, დღის კრემში SPF-ის შემადგენლობა 8-დან 30-მდე მერყეობს. ქალაქის პირობებში და ზაფხულის პერიოდში ოპტიმალური ვარიანტია 15-დან 30-მდე. ზამთარში ეს მაჩვენებელი შეგიძლიათ შეამციროთ. თუ თქვენ თბილ კლიმატურ პირობებში, მთაში ან ზღვასთან ახლოს ცხოვრობთ, პიგმენტური ლაქების სიჭარბე გაქვთ ან ქიმიოთერაპიის კურსს გადიხართ, უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ კრემს, რომელშიც SPF-ის შემადგენლობა, სულ ცოტა, 30-ია. 


კრემი, რომელიც SPF 15-ს შეიცავს, ულტრაიისფერი გამოსხივების 93%-ს ბლოკავს, SPF 30- 97%-ს, SPF 50 კი - 99%-ს. ერთი შეხედვით, რამდენიმე პროცენტიანი სხვაობა უმნიშვნელოა, თუმცა თუ კანი მზის სხივებისადმი მგრძნობიარეა ან კიბოსადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვს, დამატებით რამდენიმე პროცენტიც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მაღალია დამცავი ფაქტორი, კრემის ფაქტურაც უფრო სქელი და ცხიმოვანია.


SPF 50-ის შემცველობა ნიშნავს თუ არა იმას, რომ  კრემი მთელი დღის განმავლობაში მიცავს? 


არა, მზისგან დამცავი საშუალება 2-3 საათში ერთხელ ხელახლა უნდა წაისვათ. თუმცა მზისგან დამცავი ფაქტორის მაღალი შემცველობა უფრო საიმედოა. მაღალი დონის დაცვა რეკომენდებულია განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ღია კანის ფერის მქონე ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სხეულზე ჭარბი რაოდენობით ხალი აღენიშნება.


როდის და როგორ უნდა წავისვა SPF-იანი კრემი? 


კრემი ქუჩაში გასვლამდე 20-30 წუთით ადრე უნდა წაისვათ, რადგან აქტიურ კომპონენტებს ზემოქმედებისთვის დრო სჭირდებათ. მნიშვნელოვანია, რომ მთელი მასა სახის ყველა მონაკვეთზე თანაბრად გაანაწილოთ. უშუალოდ მზის აბაზანების მიღებისას აუცილებელია, რომ SPF-იანი კრემი ყოველ 2 საათში ერთხელ განაახლოთ.  


მზისგან კანის დაცვის დროს თვალებისა და ტუჩების გარშემო ზონა არ დაგავიწყდეთ. ეს ადგილები განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომაც SPF-ის შემცველი ტუჩის ბალზამი გამოიყენეთ და წარბების ქვეშ, ზედა ქუთუთოზე მზისგან დამცავი საშუალება წაისვით. SPF-იანი კრემი შეგიძლიათ ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ, მაგრამ - არა უმეტეს 12 თვისა. 

როგორ უნდა დავიცვათ მზისგან თავი, დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930