გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ვინ და როგორ მოკლა "მზეჭაბუკის" პროტოტიპი ლადო ქოქიაშვილი?

27-03-2018

1957 წლის მაისში თბილისში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო გააოგნა. 21 წლის ლადო ქოქიაშვილი დანით გამოასალმეს სიცოცხლეს. ვინ და როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ ულამაზესი ყმაწვილი, რომელიც ცნობილი ქანდაკების "მზეჭაბუკის" პროტოტიპი იყო?


გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:


გასული საუკუნის 50-იანი წლების თბილისში (სადაც, როგორც მხცოვანი თბილისელები იხსენებენ, ყველა ერთმანეთს იცნობდა და ყველაფერს თავისი სახელი ერქვა) ქალაქის გამორჩეულ ყმაწვილებს შორის ახალგაზრდა მოქანდაკე ლადო ქოქიაშვილს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ (ლადოს მამა, იოსებ ქოქიაშვილი საქართველოს დამსახურებული მხატვარი-კარიკატურისტი გახლდათ, ძმა, ვახტანგი, ცნობილი მოქანდაკე). ლადო შესაშური აღნაგობის გარდა (ოჯახის წევრების განცხადებით, მოქანდაკე ჯუნა მიქატაძის ცნობილი "მზეჭაბუკის", რომელიც სპორტის სასახლის წინ დგას, პროტოტიპი სწორედ ლადო ქოქიაშვილია), ქალაქში სამართლიანობითაც გამოირჩეოდა. ყველა მასთან დამეგობრებას ცდილობდა...


"1956 წელი იყო, ზაფხული. ერთ საღამოს მე, ლადო და გედი ჭყონია რუსთაველის კინოთეატრიდან გამოვედით. შინისკენ გავწიეთ (ლადო ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა, იქვე, რუსთაველთან, მე - ვერაზე). ქაშუეთთან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და ჩოჩქოლებდა. ამბის გასაგებად ხალხში გავერიეთ და ასეთ სურათს გადავაწყდით: 5 ახალგაზრდას ერთი ბიჭი გაეგდო ფეხქვეშ და უმოწყალოდ სცემდნენ. ეტყობა, იმ საწყალს არაქათი გამოლეოდა და ვეღარ ეწინააღმდეგებოდა თავდამსხმელებს. უცებ ლადომ დაიყვირა, - მიშა, ბიჭოო... დასისხლიანებულმა ლადოს ერთი შეხედა და გაეღიმა (მივხვდი - მისი დანახვა ძალიან გაუხარდა). უცებ ლადო მოგვიბრუნდა და გაგვაფრთხილა, - განზე იდექით, არ შემოხვიდეთო და მოჩხუბრებს დაერია...


კარგად მახსოვს, რომ ერთი, როგორც კი ლადო დაინახა, გაიქცა, დანარჩენებს კარგად მოხვდათ. წამოვაყენეთ წაქცეული. ლადომ დაუყვავა.


ჩხუბის მიზეზიც მაშინ გავიგეთ: ამ ბიჭებს მიშას ბიძაშვილი გოგონასთვის რაღაც უდიერად უთქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრნი იყვნენ, მიშას გოგონას დაცვაზე უარი არ უთქვამს და ჩხუბიც ამტყდარა".


გელა ქოქიაშვილი,ლადო ქოქიაშვილის ბიძაშვილი


როგორც იხსენებენ, თბილისში მაშინ ბევრს ჩხუბობდნენ - მტყუან-მართალი ასე ირკვეოდა. დანის ხმარება იმ დროში წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, სხვა იარაღზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ყველაფერს მუშტი წყვეტდა. ჩხუბის მერე ნაჩხუბრები ყოველთვის რიგდებოდნენ და შერიგების აღსანიშნავად ერთ სუფრას შლიდნენ. დაუძინებელი მტრობა ქალაქისთვის უცხო ხილი იყოო, - ამბობენ.


ლადოს ერთ-ერთ გამორჩეულ თვისებად ითვლებოდა ის, რომ ადამიანის დაჩაგვრას ვერ იტანდა. ქალაქში ყველამ იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში საქმე მასთან
ექნებოდათ. მაშინ ლადო ქოქიაშვილს მეგობრები ხუმრობით არსენასაც ადარებდნენ...


"რესტორან "არაგვის" ნაცვლად ადრე სამსართულიანი შენობა იდგა. მესამე სართულზე მოჭიდავეები ვვარჯიშობდით, მეორე სართულზე კი მოკრივეების რინგი იყო. ლადო, როგორც კრივის მოყვარული, კვირაში ერთი-ორჯერ შემოივლიდა ხოლმე დარბაზში და კრივის ილეთებს სწავლობდა.


ერთ დღეს, როდესაც საჭიდაოდ მივედი, ლადოს კრივის დარბაზში მოვკარი თვალი. მისი სპარინგპარტნიორი იმ დღეს ზაურ კოზაევი (საბჭოთა კავშირის პრიზიორი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი) იყო.


შუა ვარჯიშის დროს მოულოდნელად მოჭიდავე კოხტა გიორგაძე შემოვარდა და დაიყვირა, - ლადო ნოკდაუნშიაო. დიდიან-პატარიანად მეორე სართულზე ჩავცვივდით. დავინახეთ - ლადო რინგის კუთხეში იყო ჩაკუზული. ასეთ მდგომარეობაში ლადო ჯერ ქალაქს არ ენახა.
უცნაური განცდა დამეუფლა, არ ვიცი, ეს ცნობისმოყვარეობით იყო გამოწვეული თუ კიდევ სხვა რამით...


უცებ ლადო ნელ-ნელა წამოიმართა, მხრები გაშალა და ვნახეთ საოცრება - განსაცვიფრებლად ლამაზი და პროპორციული ტანი, განსაკუთრებით ტორსი, ასეთი აღნაგობა ყველაზე ცნობილ თანამედროვე კულტურისტსაც შეშურდებოდა. მთლიანად გაიშალა, თვალები მრისხანედ მოავლო იქაურობას, უწინარესად, თავის სპარინგპარტნიორს (სპარინგის დროს კოზაევი ცდილობდა, ყოველი მისი დარტყმა ზომიერი ყოფილიყო, თუმცა ხელი გაეპარა და ლადოს მზის წნულში მოხვდა მისი მუშტი), რომელიც რიდით ელოდებოდა ლადოს მდგომარეობიდან გამოსვლას. კოზაევმა ლადოს ბოდიში მოუხადა, თუმცა ლადომ ბოდიში არ მიიღო და მკაცრად უთხრა, - გარეთ გამოდი, ვილაპარაკოთო. უნდა გენახათ, რა დაემართა იმ წუთში კოზაევს: ამხელა კაცი უცებ დაპატარავდა. ატყდა ამბავი, ლადოს დაუწყეს ხვეწნა - აპატიეო. მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა, -"ასე არ უნდა გავემეტებინეო და დარბაზიდან გავიდა, აპატია...


ჩვენ ცირკამდე ფეხით ვიარეთ. იმ პატარა მონაკვეთში ლადოს სახეზე სევდა არ მოშორებია - წაგებას და დამარცხებას არ იყო მიჩვეული. ერთი კი მითხრა, - კარგი მომავალი გაქვს და აბა, შენ იციო. საოცარი გულწრფელობა იგრძნობოდა მის სიტყვებში..."


გურამ საღარაძე, მოჭიდავე, 1963-65 მსოფლიო ჩემპიონი, 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი


ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო გააოგნა, 1957 წლის მაისში დატრიალდა, მაშინ ლადო ქოქიაშვილი 21 წლის იყო.

"ლადოს მეგობარი ჰყავდა - ასტამურ აჩბა, ცნობილი კალათბურთელი. მოხდენილი ჩაცმა უყვარდა. მას, ლადოს და კიდევ რამდენიმე მეგობარს, ერთი მკერავი ჰყავდათ (იმ დროის თბილისში ტანსაცმელს ძირითადად მკერავთან იკერავდნენ), მთაწმინდელი იყო, გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობდა.

ერთ დღეს ასტამურმა მკერავთან პიჯაკის შესაკერად ქსოვილის ნაჭერი მიიტანა. რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, რომ ის ნაჭერი დაიკარგა. კაცი, რომელმაც ის ნაჭერი აიღო, ვინმე კარლო (რეზო) ასამბაძე აღმოჩნდა,"მეტსახელად "ჰასანა". ასტამურმა მას წაღებულის დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
იმ საღამოს ლადო კინოთეატრში იყო. ასტამურმა მეორე მეგობართან ერთად მიაკითხა. უთხრა, - სადავო საქმე გამომიჩნდაო და დახმარება სთხოვა. რა თქმა უნდა, ლადოს დიდხანს არ უფიქრია და მეგობრებს გაჰყვა.


ბიჭები ასამბაძეს ოქროს უბანში, ერთ პატარა ბაღში შეხვდნენ და საპიჯაკე ნაჭრის დაბრუნება მოსთხოვეს, რაზეც ისევ უარი მიიღეს.
სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც კარლომ ლადო იცნო და - სადაც ხელს დამარტყამ, იქ დანას გაგიყრიო, - გააფრთხილა. ნათქვამი ლადოს სერიოზულად არ მიუღია (რადგან, როგორც მოგახსენეთ, დანის გამოყენება მაშინ წარმოუდგენელი რამ იყო). შენზე ხელს როგორ გავისვრიო, - უთქვამს "ჰასანასთვის" და ხელი აუქნევია, არ დაურტყამს. მაშინ ვერავინ შეამჩნია, რომ კარლო ასამბაძეს მაჯაში დანა ჰქონდა დამალული, მოულოდნელად ის გამოაცურა და ლადოს გაუყარა...
დაჭრილი ლადო საავადმყოფოში გურამ რჩეულიშვილმა მიიყვანა, სადაც ის გარდაიცვალა კიდეც".


გელა ქოქიაშვილი


ლადო ქოქიაშვილის მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. თბილისელები იხსენებენ, დაკრძალვის დღეს ქალაქის კოლორიტი ხალხმა ხელით ატარა ვაკის სასაფლაომდე, მის კუბოს თავდახრილნი მიჰყვებოდნენო...


გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031