12-06-2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ თავდაცვის ძალების ქართული პროდუქტებით მომარაგებას მხოლოდ მიესალმება და სამხედრო მოსამსახურეების კვების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როგორიცაა მაგალითად ჯარის ქართული ნედლი ხორცით მომარაგება.
„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ქართული პროდუქტებით ჩვენი ჯარის მომარაგებას, იქნება ეს ხორცი, რომელიც უკვე მოგვარდა თუ სხვა“, - განაცხადა მინისტრმა.
მან ამ მიმართულებით კიდევ ერთი სიახლე გააჟღერა, რაც სამხედრო ნაწილებში პურის საცხობების მოწყობას ითვალისწინებს.
„გეტყვით ასევე, რომ ვგეგმავთ ნაწილებში საცხობების მოწყობას იმისთვის, რომ ჯარი იკვებებოდეს ახლად გამომცხვარი პურით, პურის პროდუქტებით და ფუნთუშეულით. ამ კონტექსტში ჩვენ მივესალმებით ახალი, ქართული, მაღალი ხარისხის პროდუქტის შემოტანას და მზად ვარ, რომ ეს საკითხი დეტალურად განვიხილოთ ფერმერებთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი: „ჩემი დამოკიდებულება მოგეხსენებათ კარგად, როგორი იყო და არის ქართული ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ჩემი ინიციატივით შეიქმნა თავის დროზე 2014 წელს და მე, როგორც მინისტრი, მაქსიმალურად მხარს დავუჭერ ადგილობრივი პროდუქტების შეტანას და მომარაგებას“.