16-06-2020
გამომცემლობა Simon & Schuster-ი 28 ივლისს დონალდ ტრამპის ძმის შვილის, მერის მემუარებს გამოსცემს, სახელწოდებით „ძალიან ბევრი და ყოველთვის ცოტა: როგორ შვა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოში ყველაზე საშიში ადამიანი.“
გამომცემლობა მკითხველს ტრამპების ოჯახის წევრის აღსარებას სთავაზობს, რომელშიც საშინელ ოჯახურ ტრავმებზე, დესტრუქციულ ურთიერთობებსა და ბავშვების მიმართ დაუნდობელ მოპყრობაზეა საუბარი. წიგნში ავტორი ტრამპს საშიშ ადამიანს უწოდებს, რომელიც მსოფლიოს სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ბიოგრაფიულ ნაშრომში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ გადასცა მერიმ New York Times-ს დონალდ ტრამპის მაკომპრომენტირებელი დოკუმენტაცია და როგორ ამხილა ის თაღლითურ ფინანსურ მაქინაციებსა და გადასახადების დაფარვაში.
მერი ტრამპი დონალდ ტრამპის ძმის, ფრედის შვილია, რომელიც 1981 წელს, 42 წლის ასაკში დაიღუპა. ის ალკოდამოკიდებული იყო. ბიძასა და ძმის შვილს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მერიმ და მისმა ძმამ, ფრედმა გარდაცვლილი მამის და-ძმებს მემკვიდრეობაზე დაუწყეს დავა. მოსარჩელეები ირწმუნებოდნენ, რომ მათ ბაბუას, უფროს ფრედ ტრამპს 1991 წელს ანდერძი დონალდ ტრამპმა მოტყუებით შეადგენინა.