18-06-2020
ბოლო დროს ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერტურის აწევის პარალელურად, ვითარების დაძაბვა მედიაშიც დაიწყო. უკვე ღიად ხდება დაპირისპირება როგორც ცალკეულ ჟურნალისტებს, ასევე ცალკეულ მედიასაშუალებებს შორის. ანალიტიკსოები ამბობენ, რომ მსგავსი დაძაბულობა ჟურნალისტებს შორის არასდროს ყოფილა. მათი თქმით, მედიასაშუალებები ორ რადიკალურად დაპირისპირებულ ჯგუფად ჩამოყალიბდა და ყველა მათგანში ჟურნალისტების პოლიტიზირება მოხდა, ეს კი საკმაოდ მძიმე მოვლენაა, რადგანაც საზოგადოება ასეთი ჟურნალისტების და მედიასაშუალებების მიმართ ნდობას კარგავს. რაც პირველ რიგში ზიანს სიტყვის თავისუფლებას აყენებს.
ასეთი დაპირისპირების მაგალითია ორ ტელეკომპანიას - „პოს ტვ“-სა და „ტვ პირველს“ შორის დაწყებული კონფლიქტი. „პოს ტვ“-ის ეთერში გასულ ერთ-ერთ გადაცემაში, ტელეკომპანიის ხემლმძღვანელი შალვა რამიშვილი ნოდარ მელაძესა და „ტვ პირველის“ გუნდს დაუპირისპირდა და ღია ბრძოლა გამოუცხადა.
„პირდაპირ გეუბნებით, ბატონო ნოდარ და ვიღაცეებო, „ტვ პირველში“ ვინც დარჩით მანდ, ბოლომდე მივალ, არ გაგახარებთ, მართალი ვარ, მართლები ვართ და აი, როგორც მე, შალვა რამიშვილს მიყურებთ, ამოგშანთავთ! ყველა კანონიერი მეთოდით, ტელეეთერიდან. ასეთი სიბინძურე და ქაქი არ უნდა მოედინებოდეს არცერთი ტელევიზიიდან. გაგექცევათ ხალხი? - ძალიან კარგი, დარჩება? – მით უარესი მათთვის.
„ხომ იცით, რომ ჯიუტობა არ გვაკლია?! - თქვენ, ბიჭო, ვისთან, სად ბლატაობთ? ვინ ხართ საერთოდ? საიდან მოხვედით, რატომ აღმოცენდით?!“ - თქვა რამიშვილმა მისივე არხის პირდაპირ ეთერში.
შალვა რამიშვილის ეს განცხადება „ტვ პირველში“ განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. არხზე ერთი თვის წინ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, საკუთარ გუნდთან ერთად მივიდა. 12 ივნისს არხი ტელეწამყვანებმა ვახო სანაიამ, ნინო ჟიჟილაშვილმა, დიანა ტრაპაიძემ და გადაცემა „პოლიტმეტრის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა დატოვეს.
ჟურნალისტი ვახო სანაია შალვა რამიშვილის მუქარას პასუხობს.
„მეგონა გუშინ ბოლოჯერ ვახსენე „ტვ პირველი“, მაგრამ ერთხელ კიდევ უნდა ვთქვა რაღაც. შალვა რამიშვილი რომ არის, ეგ წერს „ტვ პირველს“ ამოვშანთავო. გუშინ წამოვედით „ტვ პირველიდან“, არ ვეთანხმებით ამ არხის მიერ აღებულ მიმართულებას და ჩვენი გზები გაიყო ცივილიზებულად, მაგრამ იქ ბევრი მეგობარი დაგვრჩა მე და ჟიჟის. საუკეთესო მოგონებები. ჰოდა, მოკლედ, ეს სამში გრძელი (ჩავამატე) არარაობა ემუქრება ახლა „ტვ პირველს“, ამოგშანტავთო.
„ესე იგი, სულ ასეა ხოლმე ტელესივრცეში - ვიღაც საიდანღაც მიდის, ვიღაც სადღაც რჩება, მაგრამ ეს შალვა რამიშვილი სულ რატომ რჩება ხოლმე - ყ..დ ?!“ - წერს ვახო სანაია. (სტილი დაცულია)
რამიშვილს „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა და გადაცემა „რეაქციის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამაც უპასუხა.
„მოგელანდებითო, ამას რა რიხი მისცემია ხმაში ბოლო დღეებში. შენი დაბულინგებულის დედა ვატირე, შალიკო… „ტვ პირველი“ ძაან გაქვს გაჩხერილი…“ -წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
ამ ინციდენტის გარდა, ბოლო დღეებში სხვა პრეცედენტიც იყო - მოსახლეობამ „მაესტროს“ პირდაპირი ეთერით იხილა, „იმედის“ და „პალიტრის“ ჟურნალისტების ფიზიკური დაპირისპირება. ფაქტი 13 ივნისს, პრემიერის გიორგი გახარიას ჩაწერის დროს მოხდა. ჟურნალისტებს შორის ჩხუბის მიზეზი კი ჩაწერის დროს მიკროფონის სახეზე აფარება გახდა. საბოლოოდ მოჩხუბარი ჟურნალისტები კოლეგებმა და პოლიციამ გააშველეს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ დაპირისპირებასთან ერთად მედიის რადიკალიზება ხდება. მისი თქმით, ეს გასაკვირი არ არის, თუმცა, ჟურნალისტების ამ ფორმით და ამ სიმწვავის დაპირისპირება მას ჯერ არ ახსოვს.
საყვარელიძე აცხადებს, რომ ჟურნალისტები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ მიუხდევად პოლიტიკური დაძაბულობისა, სახე მაინც შენარჩუნებინათ და საჯაროდ ამ სახის დაპირისპირება არ მომხდარიყო. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ქვეყანაში მედიაც კი ორ ბანაკად დაიყო, რაც მოსახლეობაში ზოგადად ჟურნალისტების მიმართ გარკვეულ აგრესიას იწვევს.
„წინასაარჩევნოდ დაძაბულობა მაქსიმუმს აღწევს ხოლმე, თუმცა მედიაში ასეთი რადიკალური დაპირისპირება ჯერ არ ყოფილა. დიდი ხანია, რომ მედიას თვალყურს ვადევნებ, მაგრამ ჟურნალისტების ერთმანეთზე ფიზიკური გაწევა, ასევე ამგვარი სიტყვიერი დაპირისპირება არ მინახავს. ჟურნალისტები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ურთიერთობაში პროფესიული ეთიკა დაეცვათ. ეს სიახლე ამჟამად ნამდვილად არის.
„ეს კი იმის ბრალია, რომ თავად ჟურნალისტები პოლიტიზირებულები გახდნენ. მათში ეს პრობლემები დაგროვდა და უკვე ზედაპირზე ამოხეთქა. როდესაც ჟურნალისტი გუნდში ერთვება და მისი ხელმძღვანელი რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგს კარნახობს, რა თქმა უნდა, ამას უკვე თავისი ასახვა აქვს. სამწუხარო ისაა, რომ ასეთი მედია და ჟურნალისტები საზოგადოებისთვის ნაკლებად სანდოები ხდებიან. რა სახის სიმართლეც არ უნდა ისაუბროს, მის მიმართ ნდობაა დაკარგული“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.
ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ბოლო დროს მედიაში ნამდვლად შეიმჩნევა რადიკალურად განწყობილი და ორ ბანაკად დაყოფილი ჟურნალისტების ჯგუფი. მათ სამწუხაროდ მათივე დამქირაველბისგან აქვთ კონკრეტული მითითებები, რომელსაც ასრულებენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ არა მარტო პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი, არამედ ჟურნალისტებიც ორ ბანაკად გაიყო. მისი აზრით, დღეს იშვიათია ტელევიზია, რომელიც რომელიმე ბანაკს არ მიეკუთვნება.
„ცაკლეულ ჟურნალისტები საკუთარი ინიციატივითაც აკეთებენ რაღაცას, თუმცა ბევრი მათგანი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად მოქმედებს. ზოგადად, თუ ტელევიზიას რაიმე მიმართულება აქვს არჩეული, რა თქმა უნდა, ჟურნლისტმაც ის ინტერესები უნდა გაატაროს.
„ეს ოპოზიციური მედიაც არ არის ერთიანი. მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელია, თუმცა ყველა მის მეპატრონეს კონკრეტული მიზნები აქვს. ჩვენს ქვეყანაში მედიით ბიზნესი ვერ კეთდება. ამიტომაც ზოგი მას საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად იყენებს, ზოგიც კი - ბიზნესის დასაცავად.
„მეპატრონეების გარეშე მედიაში ჟურნალისტი რომ ვერაფერს აკეთებს, ეს ჩვენ ქვეყანაში ახალი არ არის. ჩვენი ჟურნალისტების უმეტესობა საკმაოდ პოლიტიზირებულია და ბევრი მათგანი მხარესაც წარმოადგენს. ამიტომაც არის, რომ არჩევნები მოახლოვებასთან ერთად სიტუაცია იძაბება და ჟურნალისტებს შორისაც დაპირისპირება მწვავდება“,-აცახდებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ როდესაც პოლიტიკური ძალების პოლარიზაცია იწყება, სამწუხაროდ, მედიაც მინიმუმ თავის პოლიტიკურ გემოვნებას გამოხატავს. ეს ასე ხდება და ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს. ხუხაშვილი ამბობს, რომ პატარა ეკონომიკის ქვეყანა ვართ და შესაბამისდ, სარეკლამო ბაზარი ამ მოცულობის მედიას ვერ იტანს და ტელევიზიების ნაწილში პოლიტიკური ინვესტორი ჩნდება.
„მედიის იდეოლოგიზაცია ხდება და შესაბამისად, ყველაფერი ამ თარგზეა მოჭრილი. ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა იწევს. მედია პოლიტიკური მოთამაშე ხდება და ის კონფლიქტები, რასაც ჩვენ პოლიტიკოსებს შორის ვუყურებთ, მედიებზეც გადადის.
„ახლა საერთოდ უნიკალური არხები გაჩნდა, რომლებიც ძირითადად თავისი კონკურენტების განკითხვით არიან დაკავებული. ცდილობენ, რომ ისინი ტყუილზე დაიჭირონ. ამაზე მთელს თავის მედია პოლიტიკას აწყობენ. ეს კი ძალიან მძიმე საყურებულია. ასეთი რამ მართლა არ მახსოვს. ის, რომ მედია საშუალება სპეციალურად იქმნებოდეს იმისთვის, რომ თავის კონკურეტებზე ცუდადა ისაუბროს - ასეთი მართლა არ მახსენდება.
„ეს ყველაფერი კი ერთი ჯაჭვია და საზოგადოება ამ პოლარიზაციის მსხვერპლი ხდება. რაც შემდეგ მის დაყოფას და დაპირისპირებას იწვევს“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.
გაზეთი "რეზონანსი"