18-06-2020
ნუში თუ ფისტა – რომლის კულტივაცია უდრო ხელსაყრელია საქართველოში და რა შემოსავალს უნდა ელოდოს ფერმერი. “აგრო სოლუშენსის” მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონების კლიმატურ -ნიადაგობრივი ნუშის წარმოებისათვის იდეალურ პირობებს ქმნის. ბოლო წლების განმავლობაში ნუშის ბაღები საქართველოში რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენდა და, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, თუ არსებული ტემპი გაგრძელდა, საქართველოს აქვს შანსი, რომ ნუშის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში შევიდეს. სპეციალისტების განმარტებით, ქართულ ნუშს ექსპორტის პოტენციალი აქვს ევროკავშირში, ახლოაღმოსავლეთსა და აზიაში. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს – როგორც ირკვევა, ნუშზე მოთხოვნა არც ისე მაღალია, რადგან ის არ არის ჩვენი სამზარეულოს ძირითადი ინგრედიენტი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის ხელმძღვანლის, ზვიად ბობოქაშვილის ინფორმაციით, 1 ჰექტარზე ( 416 ძირი)ნუშის ბაღის გაშენება 7000-8000 ლარი ჯდება ( სარწყავი სისტემის გარეშე).ბაღის წლიური მოსავლის საორიენტაციო ხარჯები 4800-5200 ლარს აღწევს. ამას ემატება მოსავლის აღება და სარეალიზაციოდ გასამზადებელი ხარჯები, რაც კილოგრამზე, დაახლოებით, 50 თეთრის ხარჯს გულისხმობს.როგორც ზვიად ბობოქაშვილი განმარტავს, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 1 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღიდან სავარაუდო შემოსავალი 22 000 -24 000 ათას ლარს მიაღწევს. “აგრო სოლუშენსის” სპეციალისტების გათვლებით, თუ ფერმერი 1 კილოგრამ ნუშსს 5,5 ლარად ჩააბარებს, სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ 1 ჰექტარზე მოგების სახით, დაახლოებით, 13-15 ათას ლარს მიიღებს.
რაც შეეხება ფისტას – ის ერთ-ერთი ყველზე ძვირადღირებული კაკალია, რომელზე მოთხოვნაც მსოფლიოში დღითიდღე იზრდება. მთავარი მწარმოებელი ქვეყნები არიან აშშ, ირანი და თურქეთი.მოძრაობა kar.ge-ის ხელმძღვანლის, ტარიელ ზივზივაძის ინფორმაციით, ფისტას ნახევრად უდაბნოს ტერიტორია სჭირდება. იგი გაუდაბნოებისა და ეროზიის წინააღმდეგ საბრძოლველი უებარი, „ბუნებრივი“ საშუალებაა. ამავდროულად, მას არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა და დიდი რაოდენობით წყალი. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის ხელმძღვანლის, ზვიად ბობოქაშვილის განმარტებით, 1 ჰექტარზე ფისტას ბაღის გაშენება, დაახლოებით, 8500-9000 ლარი ჯდება (სარწყავი სისტემის გარეშე). წლიური მოსავლის საორიენტაციო ხარჯები 4300-4800 ლარს აღწევს. ერთი კილოგრამის სარეალიზაციოდ გამზადება 40-50 თეთრი ჯდება. ბობოქაშვილის ინფორმაციით, 1 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღიდან სავარაუდო შემოსავალი, დაახლოებით, 25- 30 ათას ლარს უტოლდება.
სპეციალისტების განმარტებით, საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე, დაახლოებით, 2 – 2,5 ტონაა, ხოლო ფისტას ფასი საერთაშორისო ბაზარზე 9-10 ევროს აღწევს.