გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ჯანდაცვის სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვის განმავლობაში

18-06-2020

"აქ ყოფნას დღეს აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა. ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა - ამ სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, როცა მსოფლიო დადგა გლობალური გამოწვევის წინაშე. ჯანდაცვის თითოეულ თანამშრომელს, პირველ რიგში, მინისტრს მინდა, მადლობა გადავუხადო იმ 24-საათიანი შრომისთვის, რომელიც მათ გაწიეს ბოლო 4 თვეში. ასევე, მინდა, დარწმუნებით გითხრათ, რომ იმავე რეჟიმში განაგრძობენ ეს ადამიანები წარმატებულ ბრძოლას, როდესაც ეს დაგვჭირდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, სხვებთან შედარებით, წარმატებით გაართვა თავის ამ გამოწვევას, თუმცა, ჯერ არაფერი დასრულებულა.

„გლობალური პანდემია არ არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა, არამედ ეს გლობალური გამოწვევაა და სიამაყით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მინისტრის ხელმძღვანელობით, სხვებთან შედარებით წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას, თუმცა, არაფერი დასრულებულა და ყველაფერი გრძელდება. ჩვენს მოქალაქეებს სიმშვიდეს სძენს სწორედ ის სახეები, რომლებიც დღეს აქ გახლავთ წარმოდგენილნი. ჯანდაცვის სამინისტრო, ეს სისტემური სამინისტროა, რომელიც ფარავს ადამიანების ცხოვრების ძალიან ბევრ სფეროს. ის რეფორმები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყო სამინისტროში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შესძინოს მდგრადობა იმ მიღწევას, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ 2012 წლიდან მიაღწია. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მივედით თითოეულ ადამიანამდე და მას ვაგრძნობინეთ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, სოციალურ მდგომარეობაზე, შრომით უზრუნველყოფაზე, სამუშაო ადგილებსა და კიდევ ბევრ რამეზე. ამ ყველაფერს უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტრო,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სისტემის თითოეულ თანამშრომელს და მათ წარმატება უსურვა.

„მინდა, გისურვოთ წარმატება და თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა - ჯანდაცვის სისტემის ყველა თანამშრომელს, ექიმს, სამოქალაქო თანამშრომელს, ყველას. თქვენზე დაყრდნობით, თქვენი იმედით, დარწმუნებული ვარ, ასევე წარმატებით გავართმევთ თავს ყველაფერ იმას, რაც გველის მომავალში. ყოველთვის ვიმეორებ და ახლაც ვიტყვი - ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ვირუსს ჩვენ თქვენთან ერთად ვებრძვით და ერთობლივი მიღწევა არის ის, რომ ვირუსის გავრცელებას ვაკონტროლებთ. ასე უნდა გავაგრძელოთ, ვისწავლოთ ცხოვრება ვირუსთან ერთად. ჩვენ გავიარეთ შესანიშნავად შეჩერების ეტაპი, კარგად გავიარეთ ადაპტაციის ეტაპი და ახლა ვართ მართვის ეტაპზე, რაც ბევრად, დიდწილად არის დამოკიდებული თქვენს პროფესიონალიზმზე. გმადლობთ და წარმატებას გისურვებთ!,“- მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930