18-06-2020
„როდესაც ჩემი მისამართით ისროლა თვალთ დამიბნელდა. როცა გონს მოვედი დავინახე რომ თავდამსხმელს ჩემი შვილისკენ ჰქონდა იარაღი მიშვერილი. მე ამ მომენტში დავინახე ის“.
ეს არის ამონარიდი დოდო გუგეშაშვილის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან, რომლის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას ითხოვს მკვლელობაში ბრალდებულის, ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი.
დაცვის მხარის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილმა გამოძიების პირველ ეტაპზე განაცხადა, რომ მას თავდამსხმელი სახეზე არ დაუნახავს, მოგვიანებით კი ჩვენება შეცვალა.
სწორედ ამ მიზეზით მურჯიკნელის ადვოკატები დოდო გუგეშაშვილის ჩვენებას არასანდოდ და გამოძიების ინტერესებზე მორგებულ მტკიცებულებას უწოდებენ.
ადვოკატები ასევე ითხოვენ საქმიდან ფარული სატელეფონო ჩანაწერების ამოღებას, ვინაიდან მათი თქმით, ეს ჩანაწერებში საუბრები მეგრულ ენაზე მიმდინარეობს და მისი ავთენტიკურობა დადგენილი არ არის.
ცნობს თუ არა მოსამართლე დოდო გუგეშაშვილის ჩვენებას დაუშვებელ მტკიცებულებად მომდევნო სასამართლო სხდომაზე გაირკვევა, რომელიც 1-ელ ივლისს ჩაინიშნა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულის ინტერესებს აღარ იცავს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი, ვინაიდან გამოძიებამ ის ამავე საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხა.
დოდო გუგეშაშვილის თქმით, მის ადვოკატს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა ერთ-ერთმა პატიმარმა მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხდარი თავდასხმის შესახებ.
აღნიშნული პატიმარი ირწმუნება, რომ პირველად დოდო გუგეშაშვილის ლიკვიდაცია თურქეთში რუსულმა სპეცსამსახურებმა მას შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას გუგეშაშვილი ადასტურებს, რომ გამოძიებამ ზემოხსენებული პატიმარი ციხეში დაკითხა.
ჩვენი ინფორმაციით, საუბარია 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილზე.