18-06-2020
არსებული ინფორმაციით, იუსტიციის შეუცვლელ მინისტრს, თეა წულუკიანს „ქართული ოცნება“ მაჟორიტარობისთვის ამზადებს.
რომელ ოლქში წარადგენს წულუკიანს მმართველი პარტია, ეს პარტიაში, გარკვეულწილად, კვლავ მსჯელობის საგანია, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, დიდი ალბათობით, წულუკიანი ნაძალადევში იყრის კენჭს – იმ ოლქში, სადაც მან 2012 ხელს ერთხელ უკვე გაიმარჯვა.
მმართველ პარტიაში წულუკიანის შესაძლო მაჟორიტარობის სურვილს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ალექსანდრე ქანთარიამ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ და ყველაფერი უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.
„ეს კითხვა მას დაუსვით. ცოტა ხანი მოითმინეთ და ყველაფერი გამოჩნდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაცია რომ მქონდეს, მე როგორ უნდა გითხრათ?! ეს მან უნდა განაცხადოს. ვინ, სად იყრის კენჭს, ეს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამოცხადდება.
აპირებს თუ არა დეპუტატობას თეა წულუკიანი, უახლოეს ხაში გაირკვევა. ჩემი პოზიციაა, რომ გუნდში ახალი ხალხი უნდა შემოვიდეს“,- განაცხადა ქანთარიამ.
“პრაიმტაიმთან“„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ლადო კახაძე აცხადებს, რომ წულუკიანის შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის შესახებ მასთან არავის უსაუბრია.
„ნამდვილად არ ვიცი. ახლა მთავარი საკითხია საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. პირადად არაფერი მომისმენია და ამ საკითხზე ჩემთან საუბარი არ ყოფილა. დაველოდოთ გადაწყვეტილების მიღებას, ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“,- განაცხადა კახაძემ.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე თვის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობიდან წასვლა დაანონსა და განაცხადა, რომ „სამინისტროში ყოფნის სულ რამდენიმე თვე დარჩა“.