გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე: ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და ის იძლევა, რა თქმა უნდა, საშუალებას, რომ არჩევნები ჩატარდეს

22-06-2020

"ძალიან ბევრმა ქვეყანამ და დღეს მოყვანილი იყო სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, თუ რა პირობებში ჩაატარეს არჩევნები, ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში პანდემიის პერიოდში ზოგმა გადადო არჩევნები, ზოგმა გაახანგრძლივა დროში, ზოგმა ჩაატარა. გუშინ სერბეთში ჩატარდა, კიდევ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ჩატარდა, ნოემბერში მოდის აშშ-ში არჩევნები და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს შემუშავებული აქვს თავისი რეკომენდაციები. ხდება ანალიზი საერთაშორისო გამოცდილების. კომისიის სხდომაზე დაისვა კითხვა ჩვენ მიმართ, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია, როგორიც გვაქვს ქვეყანაში, ის იძლევა საშუალებას? ჩემი პასუხი ამაზე ნათელი იყო, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და ის იძლევა, რა თქმა უნდა, საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაძლევს.

„ბოლო მონაცემებით, 908 ინფიცირებულია 26 თებერვლიდან საქართველოში, ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. ყველა ის რეკომენდაციები, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო, აუცილებლად უნდა შევასრულოთ. ეს არ გვაძლევს უფლებას, მოსახლეობა მოეშვას, პირბადეები არ ატაროს დახურულ სივრცეში, არ იყოს დიდი თავყრილობები რესტორნებში, კაფეებში, ბარებში და ა.შ. რადგან ეს ყველაფერი არის საფრთხე ინფექციის გავრცელებისა. შემსუბუქების პირობებში მთელ რიგ ქვეყნებში ისევ მოხდა პატარ-პატარა ეპიდაფეთქებები. ამიტომ, ჩვენ ჯერჯერობით ეპიდსიტუაციას ქვეყანაში ვაკონტროლებთ, ის მართვადია, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ გავთამამდეთ. ამიტომ, ის დიდი პროცესი, პოლიტიკური, რომელიც ქვეყანაში მოდის, არჩევნების პროცესი, ყველაფერი უნდა გაკეთედეს და ყველაფერი უნდა დავიცვათ, რომ ერთი მხრივ ადამიანის ფუნდამენტური უფლება მისი ხმის მიცემასთან დაკავშირებით იყოს დაცული, მეორე მხრივ დაცული იყოს ადამიანის მეორე მთავარი უფლება, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, რომ ამ პროცესში ხელი არ შევუწყოთ ეპიდსიტუაციის გაუარესებას“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930