გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაეროს ელჩი: დღეს არსად არ ვიგრძნობდი თავს ისე უსაფრთხოდ, როგორც თბილისში

22-06-2020

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ღირსეული ბრძოლისა და კრიზისის ეფექტიანი მართვის გამო საქართველო შეაქო.


ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, რომ საქართველო ნამდვილად უსაფრთხო ქვეყანაა, პანდემიის გამოწვევების მიუხედავად.


„ჩემი აზრით, საქართველოს ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ სამაგალითო იყო. დააკვირდით ციფრებს; დღემდე საქართველოში რეგისტრირებულია COVID-19-ით ინფიცირებულთა 908 შემთხვევა, დაღუპულია 14. მეზობელ სომხეთში კი, სამწუხაროდ, თითქმის იმდენი შემთხვევა დაფიქსირდა ერთ დღეში, რამდენიც საქართველოში მთელი ხუთი თვის განმავლობაში. ვირუსს ეფექტურად ებრძვის ახალი ზელანდიაც, კუნძულზე მდებარე სახელმწიფო, რომლის მოსახლეობის რაოდენობა საქართველოზე ოდნავ მეტია, ხოლო სიმდიდრის მაჩვენებელი საქართველოსთან შედარებით გაცილებით მაღალია. იქ დაფიქსირდა 1 504 შემთხვევა და დაიღუპა 22 ადამიანი, სანამ ვირუსი სრულად აღმოიფხვრებოდა - ამ თვის დასაწყისისთვის.


ეს რიცხვები ნათელს ხდის, თუ რატომ არ დავიღლები საქართველოსთვის მადლობის გამოცხადებით ან იმის გამეორებით, რომ დღეს არსად არ ვიგრძნობდი თავს ისე უსაფრთხოდ, როგორც თბილისში“, - განაცხადა გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა ჟურნალ „დიპლომატთან“ ინტერვიუში.



„რა თქმა უნდა, ბრძოლის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, მართალია, ერთეულებით, მაგრამ ყოველდღიურად იზრდება. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გატარებული მკაცრი ზომები დამაიმედებელია. ასევე აუცილებელია, რომ ყველა კვლავ ფხიზლად იყოს, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ცდუნება, რომ მეგობრებისა და ოჯახის წრეს დავუბრუნდეთ ქართული კულტურის შესაბამისად“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

COVID-19 როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ასევე განვითარების გამოწვევაა. არსებითად, ქვეყნებს მოუწიათ, შეეჩერებინათ თავიანთი ეკონომიკა ხალხის სიცოცხლის დასაცავად. ჩვეულ რიტმში დაბრუნება არც ისე ადვილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საზღვრები ჯერ კიდევ დახურულია და ხალხი ყოყმანობს, განაახლოს თუ არა ნორმალური სოციალური ცხოვრება. ამავე დროს, ჩვენ უკვე ვხედავთ უზარმაზარ ზარალს, რაც გამოიწვია ეკონომიკის გაჩერებამ დაკარგული შემოსავლების სახით, რაც ათასობით ადამიანის ცხოვრებაში ნიშნავს მკვეთრ დაღმასვლას სიღარიბისკენ.


საქართველო ამ კუთხით განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას. ჩაკეტილმა საზღვრებმა აქ და მთელ მსოფლიოში შეაჩერა ტურიზმი, რომელზეც ქვეყანა დამოკიდებულია და ის შეადგენს მშპ-ის მინიმუმ 20 პროცენტს. კრიზისი ასევე გავლენას იქონიებს ფულად გზავნილებზე, რომლებიც მშპ-ის 13 პროცენტს შეადგენს. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც პანდემიის დაწყებამდე მოსახლეობის 20 პროცენტი ისედაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა, სოციალური დაცვის სისტემა კი იბრძოდა ყველაზე დაუცველი ოჯახების დასახმარებლად. უფრო მეტიც, საქართველოში დასაქმებულთა უმეტესობა ან თვითდასაქმებულია ან არაფორმალურ სექტორში მუშაობს და, შესაბამისად, ნაკლებად დაზღვეულია კრიზისული სიტუაციების დროს.


მთავრობამ აღიარა ეს გამოწვევები და თავის ანტიკრიზისული გეგმაში ეკონომიკის ყველაზე მძიმედ დაზარალებულ სექტორებსა და მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე მობილიზება გაუწია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ორმხრივი მოკავშირეების დაფინანსებას. შეიძლება ითქვა, რომ ჯერჯერობით ეს პროცესი სწორი მიმართულებით წარიმართება.


თუმცა, გრძელვადიანი თვალსაზრისით, პანდემიამ გამოავლინა საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული დაუცველობა და საჭიროება, რომ ეკონომიკა დივერსიფიცირდეს ტურიზმის მიღმა. ამ გამოწვევების საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ როგორც სწრაფი რეაგირების აუცილებლობას, ისე თამამი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. როგორც ნათქვამია, „სასოწარკვეთილი დრო სასოწარკვეთილი ზომების გატარებას მოითხოვს“. როგორც გაეროს წამყვანი სააგენტო სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის საქმეში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მზად არის, მხარი დაუჭიროს თავის პარტნიორებს საქართველოს განვითარების გზების უშეცდომო გადაფასებაში“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930