22-06-2020
ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პირველი შედეგების მიხედვით, პრეპარატმა „დექსამეტაზონმა“ ახალი კორონავირუსის მძიმე ფორმების მქონე ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებს შორის სიკვდილიანობა 1/3-ით შეამცირა. ჟანგბადდამოკიდებულებში კი ამ მაჩვენებელმა 20%-ი შეადგინა.
დექსამეტაზონი სტეროიდული მედიკამენტია, რომელიც ანთებითი პროცესის ჩასახშობად გამოიყენება. სამკურნალო საშუალება ამგვარ ეფექტს ორგანიზმის მიერ ანთების საწინააღმდეგოდ წარმოებული ჰორმონის მიბაძვით ახდენს.
პრეპარატი ორგანიზმში შეყვანის შემდეგ იმუნურ სისტემას „თრგუნავს“. რატომ არის ეს საჭირო – როდესაც ორგანიზმის კორონავირუსთი ინფიცირება ხდება, ადამიანის იმუნური სისტემა სასწრაფოდ აქტიურდება, რათა უცხო სხეულს შეებრძოლოს.
თუმცა, ხშირად იმუნური სისტემის პასუხი იმდენად აქტიურია, რომ ბრძოლის პროცესში ის ადამიანის ჯანმრთელი უჯრედების განადგურებას იწვევს. ეს კი ყველაზე სახიფათოა.
პრეპარატი „დექსამეტაზონი“ სწორედ ასეთ რეაქციას ამსუბუქებს, ანუ როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ის იმუნურ სისტემას „თრგუნავს“.
პრეპარატი მხოლოდ იმ პაციენტების სამკურნალოდაა ეფექტური, რომლებიც საავადმყოფოში სასუნთქ აპარატზე ან ჟანბადზე არიან მიერთებული. იმ ადამიანებს, ვისაც ვირუსის სუსტი სიმპტომები აქვთ, პრეპარატი ეფექტური არ არის.
იმიტომ,რომ ასეთ დროს იმუნური სისტემის „დათრგუნვა“, რასაც „დექსამეტაზონი“ აკეთებს, სასარგებლო არ არის.
ბრიტანელი მკვლევრების თქმით, „დექსამეტაზონს“ ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ყოველი მესამე, ხოლო ჟანგბადზე მყოფი ყოველი მეხუთე პაციენტის გადარჩენა შეუძლია.
ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდის მიერ ჩატარებულ კვლევის პერიოდში, 10 დღის მანძილზე 2 000 პაციენტს პრეპარატი „დექსამეტაზონი“ მისცეს. მათი შედეგები კი იმ 4 000 პაციენტის მონაცემებს შეადარეს, რომლებსაც მედიკამენტი არ მიუღიათ.
შედეგებმა აჩვენა, რომ სასუნთქ აპარატზე შეერთებული პაციენტების სიკვდილიანობის რისკი 40%დან 28%-მდე შემცირდა. ხოლო იმ პაციენტების სიკვდილიანობის რისკი, რომლებსაც ჟანგბადს ხელოვნურად აწვდიდნენ 25%-დან 20%-მდე.
„დექსამეტაზონი“ 1957 წელს შეიქმნა და საკმაოდ იაფი პრეპარატია. ის ფარმაკოლოგიურ ბაზარზე დიდი რაოდენობით მოიპოვება.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, მათ 200 ათასი ადამიანის მკურნალობისთვის აუცილებელი დოზა უკვე მომარაგებული აქვთ.
„ეს მშვენიერი ამბავია!“,- ასე შეაფასა WHO-მ ბრიტანელი მკვლევრების კვლევის შედეგები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ საშუალო სიმძიმით მიმდინარე შემთხვევების სამართავად უფრო ეფექტიანი სამკურნალო საშუალების ძებნა უნდა გაგრძელდეს.
კვლევის შედეგები სახიარულო სიახლეა განვითარებადი ქვეყნებისთვისაც.
კერძოდ, აფრიკის ბევრ ქვეყანაში მედიკამენტის ფასი $2-ს არ აღემატება. როგორც WHO-ს სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, COVID-19-მა აფრიკაში 5 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„დექსამეტაზონს“ წარმატებით იყენებენ ასთმის მწვავე შემთხვევების სამკურნალოდ, როდესაც სასუნთქი გზების ლორწონავი გარსის მწვავე ანთება ვლინდება.
მედიკამენტი ასევე ეფექურია ისეთი აუტოიმუნური დაავადებების სამართავად, როგორებიცაა რევმატოიდული ართრიტი და სისტემური წითელი მგლურა.
პრეპარატის გვერდით ეფექტებს რაც შეეხება, ესენია – შფოთვა, ძილის დარღვევები, წონაში მომატება, ორგანიზმში სითხის შეკავება.
ასევე, იშვიათად მაგრამ მაინც, მედიკამენტს ახასიათებს შემდეგი გვერდითი მოვლენები – სისხლდენა და მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება.
კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებს მედიკამენტის დაბალი დოზა ესაჭიროებათ, რაც გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
მიმდინარე კვლევის ფარგლებში სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.