30-03-2018
„იმის ნაცვლად, რომ ერთობლივი ზეპირი განცხადება მიეღოთ და როგორმე მოსკოვ-თბილისის პოზიციები დაახლოებულიყო - როგორც წინასწარ ვარაუდობდნენ - პირიქით მოხდა: ჟენევის მრავალმხრივ კონსულტაციებზე მხარეებმა ერთმანეთი კარგად გამოლანძღეს. როგორც ამბობენ, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თურმე გრიგორი კარასინს ქართველი მომლაპარაკებლებისთვის მოუთხოვია - ჩამოყალიბდით, ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ რუსეთისგანო. ასეთი კითხვა ქართულმა მხარემ შანტაჟად შეაფასა“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფიორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
„ამრიგად, რუსეთმა და საქართველომ, ურთიერთობის ოდნავ მაინც გაუმჯობესების მაგივრად, ნაბიჯი უკან გადადგეს. თითოეული მხარე ამ ვიზავში მეორეს ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჟენევის კონსულტაციების 43-ე რაუნდის ჩაფუშვის შემდეგ, გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დამაიმედებელი მოწოდების საპირისპიროდ, ქართულმა დელეგაციამ ჟენევაში სცადა მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო მთელი პასუხისმგებლობა რუსეთისათვის დაებრალებინა, იყენებდა ტერმინ „ოკუპანტს“ და შეხვედრა „პროპაგანდისტულ ქმედებად“ გადააქციაო.
„საქართველო კვლავ შეეცადა, რუსეთისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა საკუთარ უუნარობაზე, რადგან ვერ არეგულირებს ურთიერთობას სოხუმსა და ცხინვალთან. ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა ქართული მხარის არაპროდუქტიულ მცდელობებს, რომ ის ჟენევის შეხვედრებს საკუთარი იდეოლოგიური კლიშეებისთვის იყენებს. საქართველო სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მეზობლებთან ნდობის აღდგენაზე, დაიწყოს ჟენევაში პირდაპირი დიალოგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. მან უარი უნდა თქვას სხვა ქვეყნების წაქეზებაზე მათი მცხოვრებლების სავიზო ბლოკადასთან დაკავშირებით. საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, შეწყვიტოს ამ რესპუბლიკების კულტურულ-ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩაშლა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში.
ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით დონდუამ პირიქით განაცხადა - ძალის გამოუყენებლობის საკითხის განხილვას სწორედ რუსული მხარე არიდებდა თავსაო. ანუ თითქმის იგივე თქვა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია, მაგრამ შებრუნებითი მისამართით.
ჟენევის მოლაპარაკების 43-ე რაუნდის შესახებ ქართული მასმედიის პუბლიკაციების ანალიზისას იბადება ვარაუდები იმისა, რომ საქართველოს დელეგაციაში ერთსულოვნება არ არსებობდა და ის, რაც დავით დონდუამ განაცხადა, სხვებთან შეთანხმებული არ იყო, ანუ მან რისკით იმოქმედა. ზოგიერთი ქართული გამოცემა პირდაპირ იმოწმებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილის ნინო კალანდაძის ნათქვამს - გურამ დონდუაზე მისივე დელეგაციის წევრები ზეწოლას ახდენდნენ, მაგრამ იგი მათ არ დაემორჩილა და მოსკოვის მოთხოვნებს არ დაეთანხმაო.
ეს ყველაფერი უცნაურად გამოიყურება და თუ ტყუილი არაა, მაშინ იმას გვიჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობაში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ის მოთხოვნაც ქართული დელეგაციისადმი, რომელსაც გრიგორი კარასინს მიაწერენ - „ჩამოყალიბდით, ბოლო-ბოლო, რა გინდათ რუსეთისგანო“.
სანამ ჟენევაში ერთმანეთთან ურთიერთობები ირკვეოდა, გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა კახა იმნაძემ მოსკოვის წინააღმდეგ კიდევ ერთი შეტევა განახორციელა. გაეროს უშიშროების საბჭოში სამშვიდობო ოპერაციების შესახებ გამართულ ღია დისკუსიებზე გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა წამებისა და მკვლელობების ფაქტები დაუსჯელი რჩება“. მისი თქმით, „2009 წელს, გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრის [რუსეთის] ვეტოს გამო დამკვირვებელთა მისია შეჩერდა და ამით შეიქმნა ძალიან საშიში პრეცენდენტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისტორიაში. გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის იძულებით შეწყვეტით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო წარმომადგენლობის აბსოლუტური ვაკუუმი წარმოიქმნა და ისინი, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, შავ ხვრელებად გადააქცია“.
ექსპერტების აზრით, ჟენევის მოლაპარაკების ჩაფუშვასა და გაეროს ტრიბუნაზე კახა იმნაძის გამოსვლას პრემიერ-მინისტრის მოსკოვისადმი მოწოდების პოზიტიური ეფექტი ნულამდე დაჰყავს. ამ ამბების ფონზე რომელ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე შეიძლება ლაპარაკი? ექსპერტები თბილის-მოსკოვის ისედაც რთული დამოკიდებულების კიდევ უფრო გაუარესების პროგნოზს აკეთებენ, მით უმეტეს, რომ 29 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებამ, დასავლური თანამეგობრობის მხარდაჭერის მიზნით, რუსი დიპლომატის გაძევება გამოაცხადა, რომელიც თბილისში, შვეიცარიის საელჩოში არსებულ რუსეთის ინტერესების დამცველ სექციაში მუშაობდა.