26-06-2020
ჩვენ შეიძლება ბევრ პროგრესს მივაღწიოთ, განსაკუთრებით, მართლმსაჯულების, სამართალდამცავ სისტემაში, ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილში, მაგრამ ჩვენი უაღრესად მნიშვნელოვანი ვალდებულებაა შევინარჩუნოთ ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტები, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება იყოს პროგრესი, წინ გადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლების თვალსაზრისით - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
პრემიერმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
„სტრასბურგის სასამართლოში საჩივრები არის განახევრებული. გარდა ამისა, 2019 წლის 31 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ე.წ. დეპორტირებულების საქმესთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაცია ვალდებულია საქართველოს გადაუხადოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებული ადამიანებისთვის, რომელთა დეპორტაციაც მოხდა რუსეთის ფედერაციიდან. გახსოვთ ეს მომენტი, რამდენად ემოციურად დამთრგუნველი იყო თითოეული ქართველისთვის“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.