26-06-2020
მიმდინარეობს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის რიგით მეორე სტრატეგიის შემუშავება; ესეც არის ხარისხის და მნიშვნელობის მაჩვენებელი, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მთავრობა ამ მუშაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისი პლატფორმა გაფართოებულია და მასში ჩართულია როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე საზოგადოების წარმომადგენლების დიდი სპექტრი.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის რიგით მეორე სტრატეგია იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებული შემადგენლობა ამოქმედდა, სადაც ასევე ვეცადეთ, მაქსიმალურად გაგვეზარდა ჩართულობის ხარისხი და მინდა როგორც ერთ-ერთი ნიშანი ვთქვა, რომ პანდემიის პირობებშიც, როდესაც ქვეყანაში მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ პერიოდშიც ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციაც მოგვეხდინა და აბსოლუტურად გააზრებულად ვდგამდით ნაბიჯებს. მოგეხსენებათ, ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს გლობალური პრობლემა იყო, მათ შორის ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისაც. სერიოზული პრობლემა იყო თუნდაც ოჯახში ძალადობის შემთხვევები და ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები საქართველოში ყოფილიყო მინიმიზებული და ამ მიმართულებით ვცდილობდით, ყოფილიყო პროაქტიული მუშაობა“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, 2020 წლის თებერვლიდან გაიზარდა სოციალური მუშაკების ანაზღაურება, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
„გარდა ამისა, შემუშავებულია 4-წლიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური მუშაკების როგორც რაოდენობრივ ზრდას, მათი კომპეტენციის ზრდას და რა თქმა უნდა, პარალელურად, მათი ანაზღაურების ზრდასაც“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.