გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქალაქი გირესუნი ხვალ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს

31-03-2018

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრა ხვალ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ გირესუნში გაიმართება. ლევან იზორიას თურქეთში ვიზიტი დედაქალაქ ანკარაში, ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრს თურქმა კოლეგამ ნურეთინ ჯანიქლიმ უმასპინძლა.


პირისპირ შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა საუბარი საქართველოსა და თურქეთის დელეგაციების შემადგენლობით გაფართოებულ ფორმატში განაგრძეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს. მთავარ საკითხებს შორისაა ასევე, თურქეთთან, როგორც რეგიონის უდიდეს ნატოს წევრ ქვეყანასთან და სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. თურქეთის მხარის მიერ საქართველოს მიმართ ხაზგასმით აღინიშნა მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული თანადგომა. ნურეთინ ჯანიქლიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა, რომ თურქეთი ყველა შესაძლო ტრიბუნას იყენებს საქართველოს მიმართ საკუთარი პოზიციისა და მხარდაჭერის დასაფიქსირებლად.


ლევან იზორიამ მასპინძელ მხარეს ნატოში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის პროცესი 5 სტრატეგიულ მიმართულებას ეფუძნება. ნურეთინ ჯანიქლიმ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ გატარებული რეფორმებს უმაღლესი შეფასება მისცა და ხაზი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის პრაქტიკულ მზაობას გაუსვა. მან ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს კონტრიბუციაც აღნიშნა და განაცხადა, რომ საქართველოს წვლილი ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში დასაფასებელია.


გაფართოებულ შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ასევე, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი მინისტერიალის ფორმატსა და საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ საერთაშორისო წვრთნებში თურქეთის მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი მუზეუმი დაათვალიერა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031