1-07-2020
კორონავირუსის გავლენით ვირუსული დაავადებების მიმართ დამოკიდებულება მთელ მსოფლიოში უფრო ფრთხილი გახდა. საშიშროების შეფასებაზე ვირუსის წარმომავლობაც მოქმედებს. ჩინეთი ისევ მომატებული რისკის მქონედ აღიქმება, იქ გამოვლენილი ღორის გრიპის ახალი სახეობა მეტწილად, სწორედ ამიტომ გახდა შეშფოთების საფუძველი.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, ვირუსი საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო, მისი ადამიანზე გადაცემის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა, მუტაცია გამორიცხული არ არის.
ვირუსს საყურადღებოდ მიიჩნევს ახლახანს პენსიაში გასული ვირუსოლოგი წმინდა ჯუდის საავადმყოფოდან რობეტ ვენსტერი. მისი განმარტებით, მუტაციის ალბათობა მაშინ იზრდება, როდესაც იზრდება ვირუსის გადაცემათა ჯაჭვი. ჩინეთი კი ღორების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის და 310 მლნ ღორით პირველ ადგილზეა. შედარებისთვის statista.com-ის ცნობით, აშშ-სა და ევროკავშირში ერთად სულ 228 მლნ ღორია. ამჟამად გრიპი ქვეყნის 10 პროვინციაშია გავრცელებული.
დაავადების გავრცელების შემთხვევები აფიქრებს აღმოსავლეთ ინგლისის ბიოლოგიურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორ დაიანა ბელის და კვლევების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს.
მიმდინარე კვლევები გადაჭრით ვერ ამბობს, მაგრამ მუტაციის ალბათობას არც გამორიცხავს. დღეს არსებული ვაქცინები ვირუსთან უძლური იქნება, თუმცა აპოკალიფსური სცენარის დახატვა მაინც ნაადრევია. 2009-2010 წლებში მართლია გრიპმა 0.5 მლნ-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაც, რამაც 1 მლრდ-ს გადააჭარბა. შესაბამისად სიკვდილიანობის კოეფიციენტი 0.05%-ს არ აღემატებოდა, ანუ 100-ჯერ ნაკლები იყო კორონავირუსთან შედარებით. იმ დაშვებითაც კი, თუ 1 კოვიდინფიცირებულზე 10 გამოუვლენელი კოვიდ 19-ის მატარებელი ადამიანი მოდის, ღორის გრიპის სიკვდილიანობის კოეფიციენტი მაინც 10-ჯერ ნაკლები გამოდის. სურათი დამძიმდება მაშინ, თუ ვირუსის გენომი ისე შეიცვლება, რომ ადამიანის იმუნიტეტს მასთან გამკლავება გაუჭირდეს.
ახალი პანდემიის აფეთქების შემთხვევაში, პირდაპირი ადამიანური მსხვერპლის გარდა პრობლემა შესაძლოა, ბევრად უფრო დიდი გახდეს კარანტინი, თუკი ის საერთოდ გამოცხადდა. 11 წლის წინ მსოფლიოს მსგავსი პრაქტიკისთვის არ მიუმართავს.