2-07-2020
რუსეთში ერთკვირიანი რეფერენდუმი დასრულდა, შედეგების მიხედვით, რომლის პროგნოზირებაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პოსტის შენარჩუნების შესაძლებლობა 2036 წლამდე მიეცა. თუ პუტინის მმართველობა კიდევ 16 წელი გაგრძელდა, მაშინ ის მოხსნის სტალინის რეკორდს და დაეწევა პეტრე I-ს.
პუტინის ადრეული ბიოგრაფია ბუნდოვანია. ოფიციალური მონაცემებით, ის 1952 წლის 7 მაისს ლენინგრადში დაიბადა. 1975 წლიდან КГБ-ს ოფიცერი გახდა. 1985-1990 წლებში მსახურობდა აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ დრეზდენში. 1990-1996 წლებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა პეტერბურგში. 1996 წელსვე იწყება მისი მოსკოვური კარიერა.
1998-1999 წლებში პუტინი უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორის პოსტს იკავებდა. 1999 წლის 9 აგვისტოს ელცინმა პუტინი პრემიერ-მინისტრად დანიშნა და იმავე წლის 31 დეკემბერს პრეზიდენტობიდან გადადგა. პოსტი პუტინმა გადაიბარა, რომელმაც 3 თვის შემდეგ, 2000 წლის 26 მარტს, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველივე ტურში 53%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა.
პუტინის ხელისუფლებაში მოსვლა რიგითი ბიუროკრატიული ცვლილება არ ყოფილა და ის ჩეჩნეთის მეორე ომთან პირდაპირაა დაკავშირებული. რამდენიმე თვეში კორუფციისა და სიღარიბის ჭაობში ჩაფლულ რუსეთში ტერორიზმთან და სეპარატიზმთან მებრძოლი რკინის ადამიანის იმიჯი შეიქმნა. პროპაგანდამ იმუშავა.
ყველაფერი 1999 წელს დაიწყო. პუტინის პრემიერად დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა, რასაც 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მომხდარი ჩეჩენ ტერორისტებს დაბრალდათ, პუტინმა დაიქადნა, რომ ტერორისტებს ყველგან გაანადგურებდა, მათ შორის ტუალეტშიც. იმავე წელს დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი. მალევე ცნობილი გახდა, რომ აფეთქებების უკან რეალურად ФСБ და თავად ვლადიმირ პუტინი იდგა. ამბის გამხამურებელი ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წელს ბრიტანეთში პოლონიუმით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.
1991 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში იჩქერიის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1994-1996 წლებში გროზნოს რუსეთის რეგულარული არმია უტევდა, მაგრამ უდიდესი სისხლის ფასად მცირე ზომის რესპუბლიკამ დე ფაქტო დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. რომელიც 2000 წლამდე გაგრძელდა. მთლიანობაში ჩეჩნეთის ორივე ომს 200 000-მდე ადამიანის, მათ შორის, 50 000 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
პუტინი მმართველობის დაწყებისთანავე მოქმედებდა პრინციპით - „მიზანი ამართლებს საშუალებას“. ამ მიდგომას დღემდე ათასობით ადამიანი, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებიც ემსხვერპლენენ, თუმცა, სხვა დიქტატორების მსგავსად, ადამიანის გარდაცვალება პუტინისთვისაც სტატისტიკაა.
2000 წლის 12 აგვისტოს ბარენცის ზღვაში ბორტზე მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის კუთვნილმა წყალქვეშა ნავმა „კურსკმა“ ჩაძირვა დაიწყო. მოსკოვმა ხომალდის საკუთარი ძალებით გადარჩენა ვერ შეძლო, საერთაშორისო დახმარებაზე უარი თქვა, შედეგად ეკიპაჟის უკლებლივ ყველა წევრი - 118-ვე ადამიანი დაიღუპა.
2002 წლის 23 ოქტომბერს მოსკოვის თეატრში 40-მდე ტერორისტმა 850 მაყურებელი მძევლად აიაყვანა. შტურმს ტერორისტებთან ერთად 200-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2004 წლის 1-ელ სექტემბერს, ტერორისტებმა ბესლანში სკოლა დაიკავეს. მძევლად აიყვანეს 1100 ადამიანი, მათ შორის 777 ბავშვი. მეორე ვადით არჩეულმა პუტინმა პრობლემის მოგვარების გზად ამ შემთხვევაშიც უხეში ძალა არჩია. შტურმი ჯავშანტექნიკისა და ყუმბარმტყორცნების დახმარებით განხორციელდა. 32-დან 31 ტერორისტი ადგილზე დაიღუპა, 1 დააკავეს, თუმცა, იმავე ოპერაციას 333 უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის, 186 ბავშვის სიცოცხლეც ემსხვერპლა.
ბესლანის ტერაქტამდე 2 კვირით ადრე, ცხინვალის რეგიონში მცირე მასშტაბის შეტაკებებს 16 ქართველი პოლიციელი ემსხვერპლა. მაშინ ქართულმა მხარემ რამდენიმე სიმაღლე დაიკავა, თუმცა, მალევე მათი დათმობა მოუიწია.
2006 წლის იანვარში ჩრდილოეთ კავკასიაში მაგისტრალური გაზსადენის აფეთქების შედეგად საქართველო თითქმის 2 კვირა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. იმ პერიოდში ქვეყანა 100%-ით რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული. იმავე წელს რუსეთმა ქართულ ღინოსა და მინერალურ წყლებს ემბარგო დაადო. პუტინის მოლოდინი არ გამართლდა. 2006 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით, 2007 წელს კი 12.6%-ით გაიზარდა. ასევე, 2006 წელს რუსეთმა 4000 ქართველი ქვეყნიდან საბარგო თვითმფრინავით გამოაძევა. საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მოსკოვს €10 მლნ-ის კონპენსაცია დააკისრა. რუსეთს ვალდებულება არ შეუსრულებია. 1500-დან თანხა მხოლოდ 7 მომჩივანს ჩაერიცხა.
2008 წელს, პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ, რუსეთმა სუვერენულ სახელმწიფოზე ინტერვენცია ღიად განახორციელა. გარდა უშუალოდ ცხინვალის რეგიონისა, რომელსაც 2008 წლის 26 აგვისტომდე თავად რუსეთი აღიარებდა საქართველოს შემადგენლობაში, რუსულმა ავიაციამ ბომბები 300-400 კილომეტრით დაშორებულ ქალაქებშიც ჩამოყარა. ომს ქართული მხრიდან 429 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2000-მდე დაიჭრა, 150 000-ზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია, საიდანაც 30 000 საკუთარ სახლებში დღემდე ვერ დაბრუნებულა.
2008-2012 წლებში პუტინს ფორმალურად პრემიერის პოსტი ებარა და პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იყო, თუმცა ფორმალობას არაფერი შეუცვლია, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მათ შორის საქართველოში განხორციელებული ინტერვენციის გადაწყვეტილებასაც, პირადად პუტინი იღებდა.
2008 წელს მართალია დასავლეთმა შეაჩერა თბილისისკენ დაძრული რუსული ტანკები, მაგრამ მოსკოვისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ. სანქციების დაწესება არც კი განხილულა, რაც პუტინის შემდგომი მოქმედებებისთვის მწვანე შუქის ამნთებ სიგნალად იქცა.
2014 წლის თებერვალში რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა. რუსეთში აგრესიის გასამართლებლად 1954 წელს იხსენებენ, როდესაც ხრუშჩოვმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ნახევარკუნძული უკრაინას გადასცა, თუმცა იმ ფაქტს უგულებელყოფენ, რომ აღნიშნული ტერიტორია რუსეთმა მხოლოდ 1783 წელს დაიკავა. ცხადია „ისტორიული სიმართლის მაძებართათვის“ არც სოჭის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი დამდგარა ოდესმე, არადა ეს მიწა 1920 წლამდე საქართველოს ისტორიულ ტერიტორიას წარმოადგენდა.
ყირიმის ანექსიის პარალელურად 2014 წელსვე რუსეთმა დონბასისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაცია განახორციელა, რასაც 13 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწრია. დასავლური სანქციების შედეგად, რუსეთის ეკონომიკა 2015 წელს 2%-ით შემცირდა და შემდეგაც დაბალი ზრდის ტემპი შეინარჩუნა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
2015 წლიდან რუსეთი სირიაშიც იბრძვის. უმართავ რაკეტებსა და ინტენსიურ ავიაიერიშებს ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გაგრძობადი კონფლიქტის გამო ზუსტი სტატისტიკის დადგენა შეუძლებელია.
რუსული კერძო არმია „ვაგნერი“, რომლის უკანაც ისევ და ისევ კრემლი დგას, ლიბიაში ნავთობსაბადოებს იპყრობს.
პუტინის რეიტინგის ფორმირებაზე განხორციელებულ აგრესიასთან ერთად მისი მუქრანარევი განცხადებებიც ახდენს. პუტინის მტკიცებით, მის ხელთ არსებულ უანალოგო ჰიპერბგერით იარაღს დედამიწის ნებისმიერ წერტილამდე 2 საათში შეუძლია მიღწევა ისე, რომ მისი გზაში განეიტრალება ვერავინ მოახერხოს.
საბჭოთა კავშირის რაიმე ფორმით აღდგენის სურვილი რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თავად პუტინმა მის დანგრევას 2005 წელს XX საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა. პუტინის მცდელობა, დსთ უფრო ქმედითი ევრაზიული კავშირით ჩაენაცვლებინა, მცდელობადვე დარჩა.
რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე საყურადღებო განცხადება გააკეთა პუტინმა. მისი მტკიცებით, თავის დროზე რუსეთმა მოკავშირე რესპუბლიკებს უხვად უწყალობა ტერიტორიები, მათ კი უმადურობა გამოიჩინეს და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს მიწები უკან რუსეთს არ დაუბრუნეს. ეს სიტყვები შესაძლოა, მხოლოდ პიარკამპანია იყო რეფერენდუმის წინ, თუმცა, არც ახალი ფრონტის გახსნაა გამორიცხული. მომატებული რისკის ზონად ბელარუსი განიხილება.
დღეს არსებული მონაცემებით, რეფერენდუმზე აქტივობამ 78% შეადგინა, დათვლილია ბიულეტენთა 99.9%-ზე მეტი და მათმა თთქმის 78%-მა პუტინის 2036 წლამდე დარჩენას დაუჭირა მხარი.
ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი