გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
"150 ქვეყანა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს ქართულ ანბანს..." - კულტურული მემკვიდრეობის ქართული ძეგლები UNESCO-ს ნუსხაში

2-04-2018

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ იგივე "იუნესკო"-მ არაერთხელ შეიტანა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა თავის ნუსხაში. UNESCO 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობს, ამჟამად UNESCO-ს ჰყავს 195 წევრი და 9 ასოცირებული ქვეყანა.


2017 წელი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელი იყო კულტურული მემკვიდრების მხრივ. რატომ არის მნიშვნელოვანი იუნესკო-ს სიაში ყოფნა და რას გულისხმობს ორგანიზაციის მიერ მინიჭებული სტატუსი - ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე გვესაუბრება.


"იუნესკოში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნუსხაში წარდგენის მთავარი არსი ის არის, რომ დღეს დარგი პრაქტიცირებულია. თუ რაღაც ტრადიცია არსებობდა, მაგრამ დაიკარგა, რაც არ უნდა უნიკალური იყოს, მისი წარდგენა შეუძლებელია, იმიტომ, რომ დღეს აღარ მოქმედებს. ზუსტად ამიტომ მოხვდა ამ ნუსხაში ქართული ანბანი და ღვინო. ღვინო, კონკრეტულად კი ქვევრის ტრადიციით ღვინის დაყენების მეთოდი მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში 2013 წელს შევიდა. 2017 წელს ქართული ჭიდაობა წარვადგინეთ, წელს იქნება განხილვა. მრჩეველ ორგანიზაციებს სჭირდება ერთი წელი რომ შეაფასონ.


არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია ქართული მრავალხმიანობა(2001 წელი), რომელიც UNESCO-ს მიერ აღიარებული იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი და მსოფლიო უნიკალურ, ხელთუქმნელ 19 შედევრს შორის დასახელდა, ასევე ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდი, როგორც აღნიშნეთ, 2017 წელს ქართული ანბანი მიემატა ამ სიას.


2017-ში დიდი მოვლენა მოხდა - ქართული ანბანი შევიდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, თუმცა მეგონა, რომ ამ ფაქტს უფრო გრანდიოზულად აღნიშნავდა ჩვენი ქვეყანა და ხალხის მხრიდანაც უფრო დიდი გამოხმაურება ექნებოდა. მსოფლიოში არსებული 14 ანბანიდან პირველები ვართ, ვინც მსოფლიო მემკვირეობის ნუსხაში მოვხვდით, 14 ანბანიდან ერთადერთები ვართ, ვისაც ანბანის სამი ცოცხალი სახეობა გვაქვს (მრგლოვანი, ნუსხური, მხედრული) და ეს აღიარა მსოფლიომ. ეთიოპიაში, სადაც ვესწრებოდი განხილვას სიამაყით აღვივსე, როდესაც 150-ზე მეტი ქვეყანა ფეხზე წამომდგარი ტაშს უკრავდა ნომინაციას.


- რას ნიშნავს იუნესკოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა?


- "პირველ რიგში ცნობადობის გაზრდას. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა ცნობადობის თვალსაზრით არის უმნიშვნელოვანესი. საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნით დაინტერესებას უწყობს ხელს. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე იუნესკოში ყოფნა მეცნიერული კვლევების დაწყებასა და დაფინანსებას გულისხმობსდა და კიდევ სხვადასხვა აქტივობებს, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე.
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დღეისათვის წარმოდგენილია 1073 ძეგლი, მათ შორის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 3 ძეგლი: მცხეთის ისტორიული ძეგლები (შეტანილია სიაში 1994 წელს); გელათის სამონასტრო კომპლექსი (შეტანილია სიაში 1994 წელს); ზემო სვანეთი (სიაში 1996 წლიდან). ამ სიაში იყო ბაგრატის ტაძარიც, რომელიც სამწუხაროდ 2017 წელს ამოიღეს ნუსხიდან.


ხშირად ისმის კითხვა რატომ ამოიღეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ბაგრატი? მეთოდოლოგია არის უმნიშვნელოვანესი, ძეგლი ისე უნდა აღდგეს, რომ მისი პრივანდელი სახე არ დაიკარგოს. ბაგრატის მთავარი შეცდომა იყო ვადები. 2 წელიწადში უნდა დამთავრებულიყო ამხელა მოცულობის რესტავრაცია, მოხდა სწრაფად, თუმცა დაშვებული იქნა შეცდომები.


მე მოვიყვან ციტატას, როგორც შეფასდა მრჩეველი ორგანიზაციებიდან ბაგრატის აღდგენის პროცესი: "რესტავრაცია იმდენად სწრაფად მიდიოდა, რომ მისი ავთენტური ქვების 400 ქვა არის გამოუყენებელი". ტაძრის ეზოშია ასობით ქვა, ანუ არ არის გამოყენებული უკან დაბრუნების მეთოდი და ახალი ქვებით არის აშენებული, რაღაც ნაწილი გამოყენებულია, მაგრამ 400 ქვა გამოუყენებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხარვეზები არსებობდა პროექტში. ბაგრატმა დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები. ბაგრატი, როგორც ნანგრევი და როგორც ნახევრად არქეოლოგიური ძეგლი იყო შესული ნუსხაში და მის სრულფასოვნად აღდგენას იუნესკო არ ემხრობოდა, ამის გამოსწორება უკვე შეუძლებელია...


- წელს იუნესკოში რომელი ისტორიული ძეგლების წარდგენას გეგმავთ?


- ამჟამად ვმუშაობთ ახალი ნომინაციის ნუსხაზე. ზუსტად იმ მემკვიდრეობის ნაწილი გვინდა ავარჩიოთ წარსადგენად, რომელიც აკმაყოფილებს იუნესკოს მოთხოვნებს. ვმუშაობთ კრიტერიუმებზე და შემიძლია გაგიმხილოთ ამ ძეგლების ჩამონათვალი. პირველი მონაცემებით გვაქვს თუშეთი, როგორც შერეული ნომინაცია ბუნების და მემკვიდრეობის, მთლიანად თუშეთის მხარე. მეორე არის ვარძია-ხერთვისი-ოლოდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კანიონი არის როგორც ისტორიულად, ასევე კულტურულ-ლანდშაფტურად გამორჩეული, მესამე არის დმანისი პირველყოფილი ადამიანის ძეგლი და მეოთხე ვფიქრობთ ენგურჰესსზე, რომელიც არის მსოფლიო დონის ატრაქცია და ერთ-ერთი გამორჩეული საინჟინრო ნაგებობა, ინდუსტრიული მემკვიდრეობის ნაწილი. ამ ოთხი ძეგლის წარდგენაზე ვმუშაობთ იუნესკოსთან ერთად და გვაქვს ყოველდღური კონსულტაციები.






ambebi.ge

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031