10-07-2020
ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს. ეს ჩვენმა კოლეგებმაც ძალიან კარგად იციან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ კანონპროექტის დაამტკიცებას ეხებოდა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.
მთავრობის მეთაურის თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა და სამწუხაროდ, შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, როგორც ჩანს, გარეთაც გადის.
„მოგეხსენებათ, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო. ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მაგრამ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილების მიღების შემდგომ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები არიან.
„მათი მხრიდან ნათქვამი, გამოხატული საკითხი, ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს არის პროცესი. სამწუხაროდ, ეს პროცესი, ზოგიერთი ჩვენი ვაი პოლიტიკოსის გამო, ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული ამ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ეს არის ცუდი, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ ვნებს, ეს ვნებს ქვეყანას. ამიტომ, ახლა ყველანი უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები, ეს ჩვენი საერთო მიზანია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ოპოზიცია იქნება თუ მმართველი პარტია. ყველამ ერთად, ღირსეულად და დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, “ქართული ოცნებისთვის“ სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა.
„მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მათ შორის, იგივე საკანონმდებლო ინიციატივაში ჩაწერილი ბევრი წარმატებული რეფორმის შეფასება. ეს ყველაფერი ხდება. ასეთი რაღაცეების ხდება ხოლმე. უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს, უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში რა ხდება. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის მცდელობა, წინასაარჩევნო პერიოდში, შიდა პოლიტიკურ კონტექსტში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის, რაც ჩვენთვის გასაგებია. ჩათვალეთ, რომ დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ის კი არ არის, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე ერთი ამბავი ავტეხოთ, არა, ეს უნდა მოვისმინოთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიზაციის პროცესი ზუსტად ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით. ერთ რამეში მინდა დაგარწმუნოთ, არც დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, არც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ბევრი სხვა მიმართულებებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს პროგრესს არაფერი არ ემუქრება, ისევე, როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არაფერი არ ემუქრება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.