11-07-2020
“მობილური კომუნიკაციების კომპანიებში, რომლებიც ფლობენ სიხშირულ რესურს, ან კომუნიკაციების კომისიისგან მინიჭებული აქვთ ლიცენზია, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხევაში, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონით კომუნიკაციების კომისიას ამ კომპანიებში დღესაც შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა,“ - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ბიზნესისა და დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე დარგობრივ კომიტეტთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, მოხდა პოზიციების შეჯერება, კანონპროექტში შევიდა დაზუსტებები და მთავარი საკითხი, რომელიც ბიზნესს აწუხებდა - მოხსნილია.
„დღეს შედეგიანი შეხვედრა იყო გარკვეული მოსაზრებები გავაანალიზეთ კომიტეტთან ერთად და ოპერატორებთან შევაჯერეთ პოზიციები. ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც გუშინ ოპერატორებს პრობლემა ჰქონდათ, გადაწყვეტილების შეუსრულებლობისას დროებითი მმართველის მიერ კომპანიის წილის ან აქტივების გასხვისებას ეხებოდა. ანუ იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება არ შესრულდებოდა დროებით მმართველოს ჰქონდა შესაძლებლობა კომპანიის წილი ან აქტივი გაესხვისებინა - ასე იყო პროექტში. დღეს ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება, რომ დროებითი მმართველი თუ ვერ აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას იმ ვადაში რა ვადაც იყო კანონპროექტში მოცემული, მოვხსენით ეს ვადა და მმართველი დარჩება მანამ, სანამ კომისიის გადაწყვეტილება არ აღსრულდება, მაგრამ მას აღარ ექნება უფლებამოსილება კომპანიის წილი ან აქტივები გაასხვისოს. თუ ვერ აღსრულდა კომისიის გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება მეორე ამის დამაბალანსებელი, რომ რაღაც დროს აღსრულდეს კომისიის გადაწყვეტილება, შესაბამისად, მმართველი მანამდე უნდა არსებობდეს სანამ არ აღსრულდება კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება,“ - განაცხადა სამუშაო შეხვედრის შემდეგ კახა ბექაურმა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ასევე შეთანხმდნენ, რომ კანონში ცვლილება ორ საკითხს მოიცავს. კერძოდ, ცვლილება შეეხება მხოლოდ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რომელიც ბაზარზე კონცენტრაციის ცვლილებას გამოიწვევს და ასევე, ცვლილება შეეხება კომპანიის წილებისა და აქტივების კომისიის ნებართვის გარეშე გასხვისებას.
„კომიტეტზე წარდგენისას გუშინაც ვთქვი და დღეს დავაზუსტეთ ის გადაწყვეტილებები, რომლის არ შესრულების შემთხვევაშიც შეიძლება დროებითი მმართველი დანიშნოს კომუნიკაციების კომისიამ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანიშვნა რა თქმა უნდა სასამართლო კონტროლს გადის, ანუ სასამართლოში გასაჩივრებადია. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყეტილებები შემოფარგლული იქნება კონცრენტრაციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხებით, ანუ ის გადაწყვეტილებები და კომპანიის ქმედებები, რომლებიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და კონცენტრაციის ცვლილებას გამოიწვევს ბაზარზე. კერძოდ, ეს არის წილის უნებართვოდ გასხვისება, შერწყმა, აქტივების გასხვისება და იმ სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომელიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს შეიძლება ჰქონდეთ დაკისრებული. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა, რომ ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების ნაწილში, რა თქმა უნდა კომისიის უფლებამოსილების ოდნავ გაფართოებაა, თუმცა, არა მნიშვნელოვნად, იმიტომ, რომ ერთი მხრივ კომისიის გადაწყვეტილებების არ შესრულებაზე მინიმუმ 4 ჯარიმა უნდა მიიღოს კომპანიამ, ანუ 1 გაფრთხილება და 3 ფულადი ჯარიმა, რომ ჩაირთოს დროებითი მმართველის მექანიზმი,“- განმარტა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.
კომუნიკაციების კომისიას ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ მოქმედი კანონით მობილურ კომპანიებსა და რადიო კომპანიებში დროებით მმართველის დანიშვნა დღესაც შეუძლია.
„მობილური კომუნიკაციების კომპანიებს, რომლებიც არიან ლიცენზიების მფლობელები და ფლობენ სიხშირულ რესურსს, ან მინიჭებული აქვთ კომუნიკაციების კომისიისგან ლიცენზია, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხევაში, კომუნიკაციების კომისიას დღესაც შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა. უბრალოდ იქ არის ოდნავ განსხვავებული მექანიზმი, რომ სასამართლო ნიშნავს ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ხოლო აქ არის, რომ ჩვენ ვნიშნავთ და სასამართლოში გასაჩვრების უფლება აქვთ კომპანიებს და სასამართლოს შეუძლია გააჩეროს ჩვენი გადაწყვეტილება. ეს ოდნავი სხვაობაა ამაში, ვინაიდან დღეს მნიშვნელოვანი ძალაუფლების კომპანიების, სილქნეტის, მაგთიკომის, ვიონი საქართველოს სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა დღევანდელი კანონმდებლობითაც იწვევს დროებითი მმართველის დანიშვნას და ეს მექანიზმი ლიცენზირებისა და ნებართველის შესახებ კანონში დღესაც დევს. შესაბამისად, ამ მხრივ კანონმდებლობაში არაფერი განსაკუთრებული არ იცვლება, სინამდვილეში უმარტივესი ცვლილებაა,“ - აცხადებს კახა ბექაური.