15-07-2020
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ რეგულარული ფრენების განახლება კორონავირუსთან დაკავშირებით რისკებს გაზრდის, თუმცა მათი მართვა შესაძლებელია.
ამის შესახებ პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა ბევრ ქვეყანაში უკვე არის, საბედნიეროდ, ჩვენ ჯერჯერობით ისეთი სიტუაცია არ გვაქვს. ფრენები, რა თქმა უნდა, რისკს გაზრდის, მაგრამ შეიძლება ამ რისკების მართვა“, – განაცხადა იმნაძემ.
რაც შეეხება ზაფხულის სეზონთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, მისი თქმით, კვლავ რეკომენდებულია ჰიგიენის დაცვა.
„ზაფხულია ჩვეულებრივი და სხვათაშორის, „კოვიდის“ საწინააღმდეგო ღონისძიებები სხვა ვირუსებზეც ვრცელდება, იგივე ხელის დაბანა, რომელიც „კოვიდის“ დროს აუცილებელია. ვირუსებზე, რომელიც ასეთი გზით ვრცელდებიან, იგივე გზაა. აქედან გამომდინარე, ჰიგიენის დაცვა, ხელის ხშირი დაბანა ყველა ვირუსისგან დაგვიცავს“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.
„კოვიდ-19“-ის ვაქცინასთან დაკავშირებით კი, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ გარკვეული ვაქცინები კვლევის ფაზაშია.
„არის რაღაც ვაქცინები, რომლებიც კვლევის მეორე ფაზაშია. ვნახოთ, იმედი ვიქონიოთ, რომ ვაქცინა შეიქმნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.