18-07-2020
რა თქმა უნდა, სამართალდამცავ სისტემას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ უმოკლეს ვადაში ეს ყველაფერი იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს, პირველ რიგში, ოჯახს და რა თქმა უნდა, საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საკითხზე საუბრის ამოწურვა შეუძლებელია და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უაღრესად დიდი ტრაგედია და ეს არ არის ტრაგედია ცალკე აღებული, კონკრეტული ოჯახის, ეს ქვეყნის ტრაგედიაა.
„ ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა და მერწმუნეთ, რომ ამ სისტემას, ეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ არანაირი სივრცე, საკითხის პოლიტიზირებისთვის. სამართალდამცავმა სისტემამ და გამოძიებამ, ეს სივრცე არ უნდა დატოვოს. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, ხდება ამ საკითხის პოლიტიზირება. ამის მორალური ფაქტორის შეფასება, უკვე ბევრჯერ ვთქვი ამაზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ და პირველ რიგში, მოქალაქეებმა, ჩვენი ზრუნვა ოჯახზე უნდა გამოვხატოთ იმით, რომ ცოტა უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების მორალურ მდგომარეობას.
მედია თუ რამეს წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია. ეს არის უაღრესად ცუდი, იმიტომ, რომ მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც მას აქვს, მაგრამ ეს არის ვერსიები. ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ გავუფრთხილდეთ, პირველ რიგში, ოჯახის მორალურ მდგომარეობას და ჩვენი საზოგადოების მორალურ მდგომარეობასაც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შიდა საქმეებში, ის, როგორც პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხი კონტროლზეა.
„მერწმუნეთ და მე ვიქნები ამაში პირადად დაინტერესებული, რომ თუკი იქ, რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ჩვენ პირველი რა უნდა გავაკეთოთ, უნდა გამოვიძიოთ საქმე და ვნახოთ, ვინ იყო დამნაშავე. ამის შემდგომ, თუ იქ, რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავისი მოვალეობა, იქნება დასჯილი. ამ დასკვნას აკეთებს გამოძიება და ამიტომ, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. შიდა საქმეებში, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას ვერ მივიღებ. თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხი კონტროლზეა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.