19-07-2020
თეატრისა და კინოს ცნობილი ქართველი მსახიობის კახი კავსაძის განცხადებით, ის ბიძინა ივანიშვილისგან სიცოცხლითაა დავალებული და რომ არა მისი დახმარება, შესაძლოა, დიდი ხანია, ცოცხალიც აღარ იყოს.
როგორც კახი კავსაძემ გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა, ფონდმა "ქართუმ" მას ძალიან ძვირადირებული და რთული ოპერაცია დაუფინანსა.
"მე ბიძინა ივანიშვილის უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ის რომ არ ყოფილიყო არც ვიცი ცოცხალი ვიქნებოდი თუ არა. ძალიან რთული და ძვირადღირებული ოპერაცია დამიფინანსა. ჩემი მოდგმა და ჯიში რომ ვერასოდეს გადაიხდიდა ისეთი. ერთ-ერთ ოპერაციაზე ექიმმა მითხრა, ძალიან ძვირადღირებული ოპერაციაა და ვინც თქვენ გაფინანსებთ ისინი ამას თუ გადაიხდიანო?
დავრეკე "ქართუში". გოგონა არის, ვინც ჩემ მკურნალობას კურირებდა. იმას ვკითხე - აქ ასე მეუბნებიან-მეთქი და მიპასუხა, - ბატონო კახი, თქვენ გენაცვალეთ ეს აღარ იკითხოთ საერთოდ და არ გაიგოს ჩემმა უფროსმა თორემ აქედან გამაგდებსო"- - განუცხადა კახი კავსაძემ გამოცემის კორესპონდენტს.
მსახიობი ინტერვიუში ასევე უარყოფს ვერსიას, რომ ბიძინა ივანიშვილი იმიტომ ეხმარებოდა სპორტისა და კულტურის მოღვაწეებს, რათა შემდეგ პოლიტიკაში მოსულიყო.
"ბიძინა ივანიშვილისგან პირველი დახმარება 1991 წელს მივიღე. თუ მაშინ მან განსაზღვრა, რომ 2012 წელს ჩემი ხმა დასჭირდებოდა, - გენიოსი ყოფილა... თუმცა, ბიძინა რომ პოლიტიკაში მოვიდა სულ სხვა მიზეზი იყო. ეს უკვე ჩემი საქმე არ არის, ამაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მაშინ რომ ამაზე არ ფიქრობდა, ამის თქმა ნამდვილად შემიძლია" - განაცხადა მსახიობმა.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით