გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძემ ახალი საგადასახადო ინიციატივები ბიზნეს ასოციაციის წევრებს გააცნო

5-04-2018

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე სასტუმრო „ბილტმორში“ დღეს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მასზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი საგადასახადო ინიციატივები განიხილეს.


ფინანსთა მინისტრმა ასოციაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რომელიც გულისხმობს გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის შემოღებას, არამეწარმე ფიზიკური პირის წარმოებული საქონლის რეალიზაციის ხელშეწყობას, არარეზიდენტების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციის შემოღებას.


"ჩვენ დღეს გავაკეთეთ დეტალური პრეზენტაცია იმ ინიციატივების შესახებ, რომლებიც გავაჟღერეთ. პირველი რეფორმა გულისხმობს ყველა საგადასახადო დოკუმენტის გაუქმებას და მის ნაცვლად, გაერთიანებული დოკუმენტის შემოღებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რადგან საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც გადავა საგადასახადო ადმინისტრირების სიმარტივის ასეთ მაღალ დონეზე. მეორე რეფორმამ კიდევ უფრო უნდა შეუწყოს ხელი საქართველოში ინკლუზიური ზრდის დაჩქარებას. დღეს, ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც აწარმოებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, პრობლემები აქვთ პროდუქციის რეალიზაციის ნაწილში, ვინაიდან მათ საბუთის გამოწერის საშუალება არ აქვთ. ამასთან, ბიზნესი მათ უარს ეუბნება პროდუქციის შესყიდვაზე, ვინაიდან ისინი ხარჯში ამ ოპერაციას ვერ აღრიცხავენ. ჩვენი ახალი ინიციატივით, ეს პრობლემა მოგვარდება ყველაზე უფრო მარტივი და კომფორტული ფორმით. მესამე რეფორმა ყველაზე უფრო მასშტაბური ხასიათის ინიციატივაა და მისი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონული ფინანსური ცენტრი. ამისთვის, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას ვგეგმავთ სხვა უწყებებთან ერთად. არარეზიდენტი კომპანიები და ინვესტორები შეძლებენ საქართველოში კომპანიების გახსნას და მართვას ონლაინ რეჟიმში. პარალელურად, მიიღებენ ელექტრონული რეზიდენტის უფლებას. ამასთან ერთად, თუ ისინი განახორციელებენ ინვესტიციას საქართველოში და შექმნიან საწარმოს, მათ ექნებათ საშუალება, ისარგებლონ იმ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით, რომელიც ჩვენ გვაქვს როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.


ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს აქვს სრული მხარდაჭერა საპარლამენტო გუნდისგან. „გამომდინარე აქედან, ჩვენ ვგეგმავთ, რომ პირველი ორი რეფორმის დანერგვა დავიწყოთ მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან. რაც შეეხება გაერთიანებულ საგადასახადო დოკუმენტს - ჩვენ გვინდა, ბიზნესს მეტი დრო მივცეთ ადაპტაციისთვის. სწორედ ამიტომ, პირველი ივლისიდან 31 დეკემბრამდე, პარალელურად ორი - არსებული და ახალი სისტემები იმუშავებს, ხოლო მომავალი წლის პირველი იანვრიდან, მთლიანად გადავალთ ახალ სისტემაზე. რაც შეეხება მესამე ინიციატივის ამოქმედების ვადას - ეს იქნება 2019 წლის პირველი იანვარი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.


ახალი საგადასახადო ინიციატივა დადებითად შეფასდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელთა მხრიდან. ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, სამივე ინიციატივა მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის.


„განსაკუთრებით გამოვყოფდი საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებას. ჩვენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობისას, ვიყენებდით 5 სხვადასხვა სახის საგადასახადო დოკუმენტს. ამ რეფორმის მერე გამოყენებული იქნება ერთადერთი საგადასახადო დოკუმენტი, რაც ბუნებრივია, გაამარტივებს ბიზნესის წარმოებას. ბიზნესში ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ნებისმიერი სახის გამარტივება იწვევს უფრო მეტი ენერგიის, ფინანსური რესურსების დაზოგვას და ბიზნესის განვითარებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, მცირე და მიკრო ბიზნესის დახმარება, თუ საუბარია ქვეყანაში ინკლუზიურ განვითარებაზე, კარგია ინიციატივა, როდესაც ხდება ამ ტიპის ბიზნესის დახმარება. ამით მათ მეტი თანხები დარჩებათ და ეს ბუნებრივია, დადებითად აისახება ეკონომიკაზე,“ - განაცხადა სოსო ფხაკაძემ. მისი თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია იდეა და ამოცანის დასმა, რომ საქართველო გახდეს ფინანსური ჰაბი, ფინანსური ცენტრი რეგიონში.


„თუ ამას ყველა ერთად მივაღწევთ, ეს იქნება დიდი გარდატეხა ქვეყნის ეკონომიკაში,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.


„ფინანთა სამინისტროს მიდგომა მიმართულია საგადასახადო ურთიერთობების გამარტივებისკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით, მცირე ბიზნესისთვის, ამიტომ მიდგმა, რომ ერთი მხრივ, შემცირდეს საგადასახადო ტვირთი და მეორე მხრივ, გამარტივდეს ადმინისტრირების კომპონენტი მნიშვნელოვანია და იძლევა კარგ შესაძლებლობას, მათ შორის მცირე ბიზნესისთვის, გაიხსნას ახალი ბაზრები. მსხვილ ბიზნესს ეს საშუალებას აძლევს უფრო მოწესრიგებული და გამარტივებული ურთიერთობებით იყოს დაკავშირებული მცირე ბიზნესთან. სამივე ინიციატივა. რომელიც გაჟღერდა, ვთვლით, რომ არის მნიშვნელოვანი და მხოლოდ პოზიტიურად აისახება ბიზნეს კომპანიებზე,“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ფინანსთა მინისტრმა უპასუხა ბიზნეს ასოციაციის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031