3-05-2024
„ქართული ოცნება“ აქვეყნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სრულ ტექსტს.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი და დასკვნები თავად გამოიტანოს.
„ბოლო დღეების განმავლობაში, აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე და ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც შეეხება თავად „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას. დღემდე, ვერც ერთმა ოპონენტმა ვერ წარმოადგინა არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება კანონპროექტი, ან მისი ერთი პუნქტი მაინც იყოს რუსული, ან ცუდი. ასევე, რა არის ცუდი იმაში, რომ დეკლარაცია შეავსონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიაორგანიზაციებმა. ამიტომ, მთავარი თემა რომ არ დაგვავიწყდეს, ვაქვეყნებთ კანონპროექტის ტექსტს. ყველას მოვუწოდებთ მისი წაკითხვისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანისკენ“, - წერია განცხადებაში.
საქართველოს კანონი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო1. ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ეს კანონი არ ზღუდავს ამ კანონის საფუძველზე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.
მუხლი 2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია 1. ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის „შემოსავალში“ იგულისხმება ფულადი თანხა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი). იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, ამ მუხლის მიზნებისთვის მისი საბაზრო ფასით გამოითვლება.3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებულმა შესაბამისმა სუბიექტმა მიიღო შემოსავალი, თუ აღნიშნულ სუბიექტს გადაეცა ფულადი თანხა ან იგი გახდა ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთის) მესაკუთრე ან მოსარგებლე.4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ:ა) აღნიშნულმა სუბიექტმა უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;ბ) აღნიშნულმა სუბიექტმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;გ) აღნიშნული შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.
მუხლი 3. უცხოური ძალაამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის:ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
მუხლი 4. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია1. სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია, მის მიერ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვრის თვის განმავლობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობით (მატერიალური ფორმით) მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე. ამ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, აღნიშნული სუბიექტი 2 სამუშაო დღეში უზრუნველყოს სათანადო ვებგვერდზე იმგვარი დაშვებით, რომ ამ სუბიექტმა შეძლოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის (შემდგომ - განაცხადი) ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შევსება და სააგენტოსთვის წარდგენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სათანადო ვებგვერდზე სუბიექტის დაშვებიდან 10 სამუშაო დღეში იგი ვალდებულია, ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი.3. განაცხადის ავტორი ვალდებულია განაცხადში, რომელიც იმავდროულად განაცხადის ავტორის საფინანსო დეკლარაციაც არის, ასახოს შემდეგი ინფორმაცია (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში):ა) განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები;ბ) განაცხადის ავტორის ადგილსამყოფლის მისამართი;გ) განაცხადის ავტორის ვებგვერდის მისამართი;დ) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და სხვა სახის მატერიალური სარგებლის წყაროს, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;ე) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;ვ) განაცხადის შევსების თარიღი. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს განაცხადი, რისთვისაც ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, ნებისმიერი სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს და განაცხადი სწორად და სრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო ვალდებულია, მისთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში. თუ განაცხადი არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო განაცხადის ავტორს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. განაცხადის ავტორი ვალდებულია, ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი. სააგენტო ვალდებულია, ამ ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს.5. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში აღრიცხვისათვის საფასური არ გადაიხდევინება.6. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების წესებს, აგრეთვე განაცხადის ფორმას ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 5. განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფა1. განაცხადი და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოს ამ სუბიექტის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი განაცხადის, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების, ხოლო არსებობის შემთხვევაში - აგრეთვე აღნიშნული სუბიექტის მოქმედი წესდების, მისი სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და საჯარო რეესტრიდან ამ სუბიექტის შესახებ ბოლო ამონაწერის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
მუხლი 6. ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წლის ყოველი შემდგომი წლის იანვრის თვეში ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია, რომელშიც მან სწორად და სრულყოფილად უნდა ასახოს სააგენტოსთვის მისი წარდგენის წლის წინა წლის მდგომარეობით არსებული, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სააგენტოსთვის აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს საფინანსო დეკლარაცია, რისთვისაც ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, ნებისმიერი სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. თუ აღნიშნული საფინანსო დეკლარაცია არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო მის წარმდგენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია, ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაცია და მასში ასახული ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.3. ამ მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წესს, აგრეთვე აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის ფორმას ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 7. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტს, რომელიც წინა კალენდარული წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, უფლება აქვს, სააგენტოსთვის ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის წარდგენისას დასაბუთებული წერილობითი განცხადებით (მატერიალური ფორმით) მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვოს მისი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმება. ამ შემთხვევაში 30 სამუშაო დღეში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი საკითხის სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ამ მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, ნებისმიერი სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.2. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, ეს სუბიექტი დაუყოვნებლივ ამორიცხოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრიდან და შესაბამისი ვებგვერდიდან წაშალოს აღნიშნულ სუბიექტთან დაკავშირებით ამ კანონის შესაბამისად მანამდე გასაჯაროებული ინფორმაცია და დოკუმენტები.3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჯაროა და ქვეყნდება სათანადო ვებგვერდზე.4. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 8. მონიტორინგი1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა - მონიტორინგი (შემდგომ - მონიტორინგი).2. მონიტორინგის დაწყების საფუძველია:ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას.3. მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, ნებისმიერი სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.4. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია 6 თვეში მხოლოდ ერთხელ.5. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე არეგისტრირებს აღნიშნულ სუბიექტს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად, რაც ამ სუბიექტს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგინოს სააგენტოს განაცხადი.6. მონიტორინგის წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 9. პასუხისმგებლობა და სამართალწარმოების საკითხები1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის იმავე მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა -გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.2. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობა ან ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განაცხადის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა -გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გაგრძელება ამავე ქმედების ჩადენისთვის ბოლოს დადებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 თვის განმავლობაში -გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის წარუდგენლობა -გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელს ადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სხვა სათანადო საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.6. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს შესაბამის სუბიექტს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისაგან.7. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს შეიძლება დაეკისროს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან მხოლოდ 6 წლის განმავლობაში.8. ამ კანონის საფუძველზე ან/და ამავე კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
მუხლი 10. გარდამავალი დებულებები1. ამ პუნქტის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში:ა) შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამავე კანონთან შესაბამისობა;ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სააგენტომ განახორციელონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა ღონისძიებები.2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, რომელიც 2023 წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აკმაყოფილებს იმავე მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია, ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობით (მატერიალური ფორმით) მიმართოს სააგენტოს განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე, რის შემდეგაც ხორციელდება ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი პროცედურები.
მუხლი 11. კანონის ამოქმედება1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-მე-9 მუხლებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.2. ამ კანონის პირველი-მე-9 მუხლები და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.