6-08-2020
ხუთი-ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქალაქ ჰელსინკიში, ფინელმა მსახიობმა ქართული რესტორანი “პურპური” გახსნა. საქართველოსა და ქართულ სამზარეულოზე უზომოდ შეყვარებული ვილე ჰააპასალო ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია ფინეთში. რამდენიმე წლის წინ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაიწყო მოგზაურობა, მოიძია ქართული სამზარეულოს რეცეპტები, ატარებდა მასტერკლასებს და წიგნიც კი გამოსცა ქართულ კულინარიაზე, ფინურ ენაზე, სახელწოდებით “გემრიელი მოგზაურობა საქართველოში”. პანდემიამდე, ვილე აქტიურ პოპულარიზაციას უწევდა ქართულ კულტურასა და რესტორან “პურპურს”, სადაც უკვე სამი წელია, სამზარეულოს შეფი თორნიკე ბოკუჩავა უძღვება.
“ეს იდეა ვილეს მაშინ მოუვიდა, როდესაც ფინეთში ყველაფერი დაიკეტა და ხალხი უმუშევარი დარჩა. ფინეთში ასე ხდება – როდესაც ადამიანი უმუშევარი რჩება, ის სახელმწიფოს სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული ხდება, სანამ კვლავაც არ დასაქმდება. ეს რომ აერიდებინა თავიდან და რესტორნის ბიზნესი კვლავ ფეხზე წამოეყენებინა, გადაწყვიტა ქართული სამზარეულო Fast Food-ის სახით შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. ამიტომ, მოიფიქრა, სახაჭაპურე გაეხსნა იმ ქალაქში, სადაც თვითონ გადიოდა კარანტინს და თავად ემუშავა იმ სახაჭაპურეში. დაურეკა თორნიკეს და ისიც გვერდით დაუდგა.” – გვიამბო თორნიკე ბოკუჩავას მეუღლემ, ლელუ ფიფიამ.
დაახლოებით, სამი კვირაა, რაც ვილეს ჰააპასალო და თორნიკე ბოკუჩავა ფინელებს ხაჭაპურებით კვებავენ. როგორც თავად ვილემ თქვა ფეისბუკ ლაივში, რვა ივლისის მონაცემებით, სულ 8100 ხაჭაპური გამოაცხვეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ვილე ძალიან ცნობილი ადამიანია, პრესამ ძალიან სწრაფად აიტაცა მისი ეს წამოწყება. დაიბეჭდა ისეთ გაზეთებში, რომლებიც ძალიან დიდი ტირაჟით გამოდის. ზოგადად, აქ, ფინეთში, ბეჭდური პრესის კულტურა ძალიან მაღალია. თუკი, მაგალითად, საქართველოში, ყველაფერს ინტერნეტით ვგებულობთ, აქ იგივეა ბეჭდურ მედიაში, რომელთანაც შეხება ყოველდღიურად აქვს თითქმის ყველა ასაკის წარმომადგენელს. ამიტომ, ინფორმაცია ძალიან სწრაფად გავრცელდა. ბუნებრივია, ამას მოყვა ხალხის მხრიდან დიდი სურვილი, პირადად ენახათ ვილე, გასაუბრებოდნენ, დაეგემოვნებინათ ხაჭაპური, შემდეგ ისევ მოსულიყვნენ და ა.შ.
- ფეისბუკ ლაივში ვილემ თქვა, სულ 8100 ხაჭაპური გამოვაცხვეთო. რამდენად დიდი (ან მცირე) არის ეს რიცხვი?
- ზუსტ რიცხვებზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა, რამდენის გაყიდვასაც გეგმავდნენ ორი თვის მანძილზე, ის რაოდენობა გაეყიდათ ორ-სამ კვირაში. ასეთი მოლოდინიც არ ჰქონიათ და შედეგმა ბევრად გადააჭარბა.
- როგორ მივიდა იდეამდე, რომ სწრაფი კვების პროდუქტად წარმოეჩინა ხაჭაპური?
- ვფიქრობ, ეს განაპირობა ამ პროდუქტის კარგად ცოდნამ, რადგან მრავალი წელია გატაცებულია ქართული სამზარეულოთი და ესმის ეს სფერო. როდესაც დაფიქრდა, რაკი არ შეეძლო რესტორნის სივრცეში ბევრი ადამიანის თავმოყრა, რა შეეძლო შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის რესტორანს გარეთ? დააკვირდა, რომ პიცის და სხვა ბევრი რამის გარეთ ყიდვა მომხმარებელს შეეძლო, ხაჭაპური კი არავის ჰქონდა შეთავაზებული. არადა, აქ ხალხს ძალიან მოსწონს ხაჭაპური. სავარაუდოდ, აქედან გამომდინარე მივიდა აზრამდე, რომ ხალხს ასე მიწოდებული ხაჭაპური მოეწონებოდა. ძალიან ბევრი მუშაობა უწევთ. დილიდან საღამომდე ერთად შრომობენ. პროცესი რთულია, მაგრამ შედეგს რომ ხედავენ, მოტივაცია ემატებათ. თანაც, ეს, რასაკვირველია, რესტორნის რეკლამაცაა, რომელიც ძალიან მალე გაიხსნება.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად გაზარდა “პურპურმა” ფინელ ხალხში საქართველოს ცნობადობა?
- ჩემი დაკვირვებით, ამ ქართულმა რესტორანმა ფინელებში ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობიერება აამაღლა. მახსოვს, რესტორანში შემხვდა ქალი, რომელსაც საქართველოს დროშა ჰქონდა დაკრული ტელეფონზე. მითხრა, ახლახანს დავბრუნდი საქართველოდან და ერთ კვირაში ისევ მივდივართ მეგობრებიო… იმდენ ადამიანთან აქვს ვილეს შეხება და იმდენ ხალხს აწვდის ინფორმაციას საქართველოს შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაზე ბევრი გებულობს.
ახლა, მაგალითად, თებერვლის თვეში ქართული ანსამბლი “რივორერა” იყო ჩამოსული. ვილემ რომ გაიგო მათ შესახებ, რესტორანი მოსვლა და რამდენიმე სიმღერის შესრულება შესთავაზა. იმ საღამოს ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და შემდეგ, ანსამბლის კონცერტსაც ბევრი დაესწრო. ვილე პირადად იყო თამადა იმ საღამოს და საქართველოზე ჰყვებოდა ამბებს. ძალიან მაგარი საღამო გამოვიდა, სტუმრები აღფრთოვანებულები იყვნენ.
ქართული სამზარეულო კიდევ ერთი ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა.
მაია ჰურმევირტა “პურპურის” მენეჯერია. რესტორანი რომ დაიკეტა, მორჩენილი ტარხუნა არ გადაყარა, წაიღო სახლში, ლიმონათი დაამზადა და ფინელებისთვის შეთავაზებას გეგმავს. როგორც ლელუ ფიფიამ გვიამბო, მაია ჰურმევირტა “შარშან ეწვია საქართველოს პირველად და გაოგნებული ჩამოვიდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში ბილეთი იყიდა, ივლისში უნდა წასულიყო ისევ, მაგრამ ვირუსმა ჩაუშალა. ტარხუნას ლიმონათი გასინჯა და მოეწონა ძალიან. კარანტინში დრო გამოუჩნდა, მორჩენილი ტარხუნა წაიღო სახლში და ლიმონათი ჩამოასხა გასაყიდად.”