გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილმა თავისი გამოუსწორებელი სისულელით რუსეთს საბაბი მისცა, საქართველოში ჯარით შემოსულიყო

8-08-2020

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელიც მან ჯერ კიდევ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე ორიოდე თვით ადრე გააკეთა, მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის მიმდინარეობის პერიოდში უამრავი შეცდომა დაუშვა:


"ქვეყნის მთავარსარდალმა მომარაგების გარეშე მიატოვა ჯარისკაცები, არ ხდებოდა დაჭრილების მკურნალობა. ყველაფერში გამოჩნდა, როგორი მენეჯმენტი და სახელმწიფოს მართვას შეუძლია მას. ჯერ მიიღო აბსოლუტურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება, შემდგომ კი პროცესების მართვა ვერ შეძლო. დღეს ამბობენ, ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, რუსები თბილისში შემოვიდოდნენ და ჩვენ ეს შევაჩერეთო. როგორც შეაჩერეს კარგად გახსოვთ. მე მაშინ ურეკში ვიყავი და ფოთში ისე შემოვიდნენ, აღარც პოლიცია და აღარც ჯარისკაცი არსად აღარ იყო. სადაც მოუნდებოდათ რუსებს იქ შევიდოდნენ. თბილისამდეც თავისუფლად ჩამოვიდოდნენ და სააკაშვილი არაფრის შემჩერებელი არ იყო" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, აგვისტოს ომით სააკაშვილმა სავარძელი გაიმაგრა.


"მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის შემდეგ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, თუმცა შედეგები გააყალბა და რადგან მის სავარძელს წყალი ჰქონდა შემდგარი, ეძებდა გამოსავალს, თუ როგორ გაემაგრებინა იგი. სააკაშვილი საკუთარი სავარძლის გამაგრებაზე ფიქრობდა. ის თუ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას დროებით აიღებდა, ამით სავარძელს გაიმაგრებდა. ომამდე რამდენიმე დღით ადრე გაუგებარი ფორმირებები ისროდნენ ქართული სოფლების მიმართულებით და იმის სანაცვლოდ, რომ სააკაშვილს ევროპული და ამერიკული თანამეგობრობიდან მოეხმო მონიტორინგი, გაეკეთებინა ამის კონტროლი, ოჯახები ხიფათისთვის გაერიდებინა და ამით შესაძლებელი იყო, დამთავრებულიყო ეს ყველაფერი და წინ წაგვეწია იმ პრობლემებში, რომელიც გაგვაჩნდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სააკაშვილმა გამოუსწორებელი სისულელეები ჩაიდინა, რადგან მას ჰქონდა სურვილი, საომარი მოქმედებებით დაებრუნებინა სამხრეთ ოსეთი და საკუთარი სავარძელი გაემაგრებინა" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მისივე განცხადებით, რუსეთი ომის დასაწყებად საბაბს ელოდებოდა, რაც სააკაშვილმა გაუმართლა.


"რუსეთს არ გაუზრდია არმია, არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია, რომ საქართველოსთან ომი ეწარმოებინა. მაშინ რას ელოდებოდა? რატომ ერთი ან ორი წლით ადრე არ დაიწყო ის? ელოდებოდა მიზეზს, ელოდებოდა რეალურ საბაბს, ეს მოლოდინი კი სააკაშვილმა გაუმართლა. სააკაშვილმა გააკეთა ყველაფერი, რასაც რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა და მისცა საშუალება, საქართველოს ტერიტორიაზე ჯარი შემოეყვანა" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930