8-08-2020
პრობლემები, კრიზისი, კოლაფსი, კატასტროფა. ყველა ეს სიტყვა, ერთად აღებული, მაინც ვერ ასახავს აფხაზეთში კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის კუთხით შექმნილ ვითარებას. რესპუბლიკის ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ყველაფერი, რაც აუცილებელია ინფიცირებულთა სამკურნალოდ, ადგილზეა. მაგრამ რეალურად, ყველაფერი ასე სასიხარულოდ როდია. გუდაუთის კოვიდ-ჰოსპიტალი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს, თანაც სამკურნალო პრეპარატების მარაგი უთავდება. ხოლო თუ ამას დაცვის საშუალებებისა და დეზინფექტორების არქონას დავამატებთ, სურათი კიდევ უფრო მძიმდება.
გასულ კვირა დღეს აფხაზურ საზოგადოებას კვლავ არყევდა. მეგობრული რუსული სანქციების, გახსნილი საზღვრისა და საპენსიო კრიზისის გარდა, მოსახლეობამ შეიტყო ჯანდაცვის სისტემაში არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ. ვერ ვიტყვით, რომ ადრე ყველაფერი მწყობრში იყო და კრიზისი მეხივით დაგვატყდა თავს, მაგრამ სიტაციისთვის, როცა ინფიციფებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ხოლო მათ სამკურნალოდ არც მედიკამენტებია, არც პირობები, აფხაზური საზოგადოება მზად არ აღმოჩნდა.
2 აგვისტოს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან მოქმედმა ოპერატიულმა შტაბმა თავზარდამცემი განცხადება გააკეთა. მისი არსი, მოკლედ რომ ვთქვათ, იმაში მდგომარეობდა, რომ «ინფიცირებულთა ნაკადთან გამკლავება ძალზე რთულია, ხოლო თუ ჩვენს მოსახლეობას დაემატებიან ისინი, ვინც აფხაზეთში შემოვლენ, ჩვენ ვითარებას უბრალოდ ვერ გავუმკლავდებით და ვერც ჩვენს მოქალაქეებს ვუშველით, ვერც ვინმე სხვას». და ამ მოსაზრებას აფხაზი მედიკოსების უმრავლესობა დაეთანხმა, რომელმაც, მიმდინარე მოვლენების შემხედვარემ, მიიღო გადაწყვეტილება, პრობლემისთვის არ წაეყრუებინა.
პრობლემა კი, როგორც აღმოჩნდა, რეალურია. პირველი დარტყმა თავის თავზე მედიკოსებმა მიიღეს, რომელთაც არ ჰქონდათ დაცვის ელემენტარული საშუალებები, სპეცკოსტიუმები, ხელთათმანები, ნიღბები და ბევრი სხვა რამ. და არც რესპუბლიკაში ერთადერთი კოვიდ-ჰოსპიტალი აღმოჩნდა მზად ინფიცირებულთა მისაღებად. მკურნალობა უმდაბლესი სქემით წარმოებს, მათ შორის - პრეპარატებით, რომლებიც ჯანდაცვის მსფოლიო ორგანიზაციამ უკვე გააუქმა. უბრალოდ სხვები აფხაზეთს არ აქვს და უახლოეს მომავალში არც ელიან.
მედიკოსების მიერ საჯაროდ ნათქვამმა სიმართლემ მოსახლეობა გარკვეული დროით გააშეშა. აფხაზურმა ხელისუფლებამ, გააცნობიერა რა, რომ ამ სიჩუმეს შესაძლოა, ქარბორბალა მოჰყვეს, იჩქარა, მედიკოსების მოსაზრებები უარეყო და მათ, ვინც «პანიკას ეძლევა, სისტემაში სამსახურის მიტოვება» მოსთხოვა. ამან ვითარება ცხადია, ვერ გამოასწორა. საქმეს ვერც მოსკოვიდან მედიკოსების შთამბეჭდავი დელეგაციის დაუგეგმავმა ვიზიტმა უშველა. და პირველად პანდემიის პერიოდის განმავლობაში, რუსი მაღალჩინოსნები ინფიცირებულთა მკურნალობაში დახმარების შესახებ ალაპარაკდნენ.
«ჩვენ დამატებით ვშლით კორპუსს სოჭში იმ შემთხვევისთვის, თუ ტურისტებისა და დამსვენებლების რუსეთის ტერიტორიაზე გაყვანა მოგვიწევს», - განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ ორშაბათს, სოჭში სამუშაო ვიზიტის დროს. ოდნავ მოგვიანებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს კომისიამ დაადასტურა განზრახვა, სოჭის კლინიკებში გაიყვანონ არა მარტო ტურისტები, არამედ აფხაზეთის მაცხოვრებლებიც, თუმცა ერთი დათქმით — სამედიცინო დახმარება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქნე პირებს გაეწევათ, ხოლო მათ, ვისაც ის არ აქვს, მოუწევთ, თავი ადგილობრივ მედიცინას მიანდონ.
ამასთან, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა რეკომენდაცია, აფხაზი ექიმები, რომლებმაც თავს უფლება მისცეს, შეშფოთება გამოეთქვათ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის, პერსონალისა და მედიკამენტების ნაკლებობის გამო და ზოგადად პრობლემის მასშტაბები გაეჟღერებინათ, სამსახურიდან გაათავისუფლონ.
მორიგი ხისტი რეკომენდაციები ძალაუნებურად წარმოშობს კითხვას, რა უფლებით წყვეტენ რუსი ჩინოსნები აფხაზების ნაცვლად იმას, ვინ უნდა იმუშავოს და ვინ წავიდეს სახლში?! გამოდის, მედიკოსებმა, რომლებსაც გული შესტკივათ აფხაზეთზე და აფხაზ ხალხზე, ხმა არ უნდა ამოიღონ?! აბსურდის თეატრია! და რაც ყველაზე საინეტერესოა, რუსული სახელმწიფო გვკარნახობს წესებს, რომელთა არშესრულება ახალგაზრდა რესპუბლიკას მორიგ სანქციებს უქადის.
დახმარების ნაცვლად რესპუბლიკამ პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში რუსეთისგან მხოლოდ მედიკამენტების, დამცავი საშუალებებისა და ფილტვების ვენტილაციის აპარატების შეძენის აკრძალვა მიიღო. სტრატეგიული პარტნიორი აფხაზეთის მოქალაქეებს საზღვარზე 2 ცალი დამცავი ნიღბის გადატანასაც კი უკრძალავს. თუ ჩანთაში ერთზე მეტ ნიღაბს აღმოგიჩენენ, მესაზღვრეები კონფისკაციის პროტოკოლს შეადგენენ და შინ მოხვედრას მოქალაქე მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ შეძლებს.
მდგომარეობა კიდევ უფრო რომ არ გაამძაფრონ, აფხაზ მედიკოსებს უწევთ, დამალონ ის ფაქტიც, რომ მათ ხელთ არსებული ყველა პრეპარატი, დამცავი საშუალება და უკონტაქტო თერმომეტრებიც კი საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაა მიღებული და არა რუსეთისგან.
ინფიცირებულთა მდგომარეობა ელვის სისწრაფით მძიმდება. უკვე დაინფიცირდნენ ბავშვები და ფეხმძიმე ქალებიც. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი გაიხსნა და სოჭში ჩასვლა უფრო სწრაფად და მარტივადაა შესაძლებელი, მძიმე პაციენტები კვლავინდებურად საქართველოში გაჰყავთ. როგში კიდევ რამდენიმე ადამიანია, რომლებმაც გუდაუთის კოვიდ-ცენტრში მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თბილისის კლინიკებში გადაყვანას ითხოვენ. «საქართველოში გვინდა წასვლა არა მარტო თანამედროვე მედიცინისა და აღჭურვილობის, არამედ იმის იმედითაც, რომ იქ ჩვენი სიცოცხლის გადარჩენისთვის ნამდვილად იბრძოლებენ. რუსეთში კი თავისიანებს არ კურნავენ და ჩვენ გვიმკურნალებენ ნორმალურად?!», - ამბობს გაგრელი მ.ა..
რუსეთთან საზღვრის გახსნა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთვის შოკად იქცა. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა და თანმდევი კოვიდ-პასპორტებისა თუ ცნობების შემოღების ნაცვლად, რესპუბლიკამ საზღვარი ყოველგვარი პირობებისა და კონტროლის გარეშე გახსნა. არ წარმოებს ტესტირება, არ არის დაცული კარანტინი და თვითიზოლაციის პირობები. ტურისტებს სიცხესაც კი არ უზომავენ. არაფერია — აფხაზებსაც ხომ შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე ყველა ამ შემოწმების გარეშე შესვლაო, - მეტყვით. დიახ, ასეა, მაგრამ დიდი მეზობლისგან განსხვავებით, აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობა სულ 300 ათასს შეადგენს. მათი დიდი ნაწილი ხაბდაზმულია, პლუს ინვალიდები და ონკოავადმყოფები და ვერც ახალგაზრდობა დაიკვეხნის შესაშური ჯანმრთელობით. ჰოდა, გამოდის, რომ კოლაფსის შემთხვევაში, რის შესახებაც ხმამაღლა აცხადებენ მედიკოსები, მომაკვდინებელი ვირუსისგან გადამრჩენიც აღარავინ დარჩება. აფხაზური მედიცინა, რომელიც უკვე დღეს მუშაობს თავის მაქსიმუმზე, უბრალოდ დაიხრჩობა.
იმედი მაქვს, არა ასეთი დასასრული სურს თავისი სტრატეგიული პარტნიორისა და მეზობლისთვის რუსეთს, რომელმაც ძნელბედობის ჟამს ვერ იპოვა საკუთარ თავში ძალა, აფხაზებისთვის დახმარების სანდო მეგობრული ხელი გაეწოდებინა.
კრისტინა ავიძბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება
_________________________________________________________________________
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას