გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქში დღეიდან პარკირების მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს

10-04-2018

დღეიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, კომპანია მზად არის ვალდებულებების შესრულებას შეუდგეს. 

მისი თქმით, უკვე გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები პარკირების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. 

„შეიქმნა თბილისის პარკირების სისტემის ვებგვერდი, ასევე, ცაბაძის ქუჩაზე ამოქმედდება თბილისის პარკინგის ცენტრალური ოფისი, სადაც მოქალაქეებს მოემსახურებიან. პარკირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადის გადახდა შესაძლებელი იქნება სწრაფი გადახდის აპარატების ან ბანკის მეშვეობით. თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღჭურვილები იქნებიან ყველანაირი ტექნიკით, რაც სჭირდებათ თავიანთი საქმიანობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირად გამართული იქნება პროცესი, რომელსაც კომპანია წარმართავს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას პარკირებისა და მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი წესების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პარკირების შემოსავლები სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებას მოხმარდება. 

„ყველა თეთრი მიმართული იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებისა და არსებული რეალობის შეცვლისკენ. მე მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა, პარკირების სისტემის გამართვა, რომელიც დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031