გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ლაცაბიძე: გპირდებით, რომ ვიქნები თქვენი ღირსეული ხმა პარლამენტში

17-08-2020

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

ნინო ლაცაბიძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით! მოგესალმებით ჩემო ძვირფასო რუსთაველებო, ძვირფასო სტუმრებო! ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პატივია დღეს ვიდგე აქ, ჩემს ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე - სადაც ჩემი ოჯახი, ახლობლების და მეგობრების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს. ქალაქი, სადაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გავატარე და ალბათ ამიტომაც არის, რომ პატივთან ერთად ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც გუნდის, ასევე თითოეული თქვენგანის წინაშე .

როგორც რიგითი რუსთაველი, რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობ იმ პრობლემებს, რაც დღეს არის რუსთავში, იმ გამოწვევებს და მე დარწმუნებული ვარ, სწორედ თქვენთან ერთად, ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსთავის განვითარება გახდეს კიდევ უფრო შეუქცევადი პროცესი.

რუსთავი წლების განმავლობაში და იმთავითვე, როდესაც ის დაარსდა, ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. რუსთავში იქმნებოდა და დღესაც იქმნება არაერთი უნიკალური პროდუქტი, რომელიც როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე ქვეყნის ექსპორტისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. მე ვფიქრობ, რომ რუსთავის სწორედ ამ პოტენციალის კიდევ უფრო კარგად გამოყენებით ჩვენ შევძლებთ რომ ის ეკონომიკური წარმატება, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაიწყო, უკვე თითოეულმა რუსთაველმა იგრძნოს მის ოჯახში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ რუსთავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ჩვენი რუსთაველები, ჩვენი თანამოქალაქეები დასაქმებული არიან რუსთავის საწარმოებში, თუმცა ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეკოლოგია იყოს პირველ ადგილზე ჩვენს ქალაქში და ეკონომიკის განვითარება, რა თქმა უნდა, არ უნდა ხდებოდეს ეკოლოგიის ხარჯზე.

ეკოლოგია იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც ჩვენ აუცილებლად ღირსეული პასუხი უნდა გავცეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალაქს ჰქონდეს ეკონომიკური ზრდა და ამავდროულად, ეკოლოგია იყოს მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ბავშვებისთვის.

რუსთავი არ არის მხოლოდ საწარმოების ქალაქი, როგორც ეს ხშირად წარმოუდგენიათ ხოლმე. ალბათ მათ, ვინც ჩვენს ქალაქს კარგად არ იცნობს. არა, რუსთავში ცხოვრობს ძალიან ბევრი ნიჭიერი, მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდა და ასევე ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება - სწორედ ამ ადამიანებს შევუქმნათ აქ, ადგილზე, ქალაქში იმის საშუალება, რომ მათ თავიანთი ნიჭისა და რესურსის რეალიზება სწორედ ჩვენს ქალაქში მოახერხონ.

მე, რა თქმა უნდა, არ ვარ მხოლოდ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი. რუსთავის საარჩევნო ოლქში შემოდის გარდაბნის 10 თემი და მე მინდა მივმართო მათ, რომ ისევე, როგორც რუსთაველებზე, მე ვიზრუნებ თითოეულ თქვენგანზე და ვიქნები თქვენ გვერდით. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს სოფლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში, ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებენ.
ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენს შეხვედრას ესწრება ჩემი 90 წლის ბაბუა, რომელიც 1954 წელს ჩამოვიდა რუსთავში. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და ხშირად მიყვება როგორ შენდებოდა რუსთავი და როგორ აშენებდნენ და ქმნიდნენ რუსთავს მშრომელი ადამიანები, როგორ მეგობრობდნენ, უყვარდათ ეს ქალაქი და როგორ უფრთხილდებოდნენ მას. ალბათ სწორედ ასეთი ადამიანების ძალისხმევით მოვიდა დღეს რუსთავი აქამდე და ჩვენ უკვე ახალი ენერგიით, თანამედროვე მიდგომებით და ჩვენი ზრუნვით კიდევ უფრო უკეთესი უნდა გავხადოთ ჩვენი შვილებისთვის.

მე გპირდებით, რომ ვიქნები თქვენი ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში. ხმა, რომელიც იქნება ყოველთვის გულწრფელი და რაც მთავარია, შედეგის მომტანი. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას - დავდგეთ ერთად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რუსთავის წარმატებისთვის! ძალიან დიდი მადლობა!“- განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930