20-08-2020
საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ, სტრასბურგის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებულმა, აწ გარდაცვლილმა სულხან მოლაშვილმა, სიცოცხლის ბოლო პერიოდში გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში ციხეში ყოფნის რამდენიმე ფრაგმენტი გაიხსენა:
"ციხეში წამების ერთ-ერთი მეთოდი იყო სამედიცინო დახმარების გარეშე ავადმყოფის დატოვება, როცა სიკვდილს უნდა უყურო თვალებში.
მეორე მეთოდი იყო ადამიანთა დასახიჩრება, დამტვრევა და მოკვდინება. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთ მიზანს - ადმიანების დაშინებას, გატეხას და მეობის წართმევას.
არა მარტო წამება, იქ უარესი რაღაცებიც ვნახე. ჩემი თვალით მაქვს ნანახი გარდაცვლილ პატიმართა გვამების "გაფუჭება", რომ ჭირისუფალს ექსპერტიზის ჩატარება აღარ შეძლებოდა.
გარდაცვლილ პატიმრებს შინაგან ორგანოებს აცლიდნენ და ამოცლილი ორგანოების ნაცვლად გვამს ავსებდნენ ჭუჭყიანი ნაჭრებით, ხის ყუთის ფიცრებით და ათასგვარი სიბინძურით.
ამას აკეთებინებდნენ ერთ-ერთ პატიმარს, რომელსაც "სომეხას" ეძახდნენ. ის მხოლოდ სამი კოლოფი სიგარეტის ფასად აკეთებდა ამას.
როდესაც პატიმრობაში მყოფი აბაშის ყოფილი გამგებელი გარდაიცვალა, მე და მირცხულავა (ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა რედ.) მორგის კართან ვმორიგეობდით.
სამაგიეროდ, გირგვლიანის მკვლელები იყვნენ დიდ პატივში. მათთან პირადად სოსო თოფურიძეს მიჰქონდა პურმარილი, "პესკებზე" მეგრული სამზარეულო რომ იყო, იქედან მოჰქონდათ ხოლმე. მშიერ პატიმრებს ელარჯისა და შემწვარი გოჭის სუნზე გული მისდიოდათ.
პირისპირ შევეჩეხე თოფურიძეს, როცა მათ საკანში პურმარილით შედიოდა. იმ ღამეს დათო მირცხულავა გახდა ცუდად, ხელში მაკვდებოდა, უნდა გადამეყვანა თავის კამერაში, მაგრამ არ გვიშვებდნენ, რადგან თოფურიძე იყო მოსული პურმარილით, რაც ჩვენ არ უნდა დაგვენახა. ამის გამო "შუმოკი" ავტეხე, ხელი ვერ დამადეს, იმიტომ, რომ უკვე სტრასბურგის პატიმრად ვითვლებოდი. როგორც გითხარით, სწორედ ამ დროს შემეჩეხა თოფურიძე, - სოსო კაცი კვდება და შენს გამო ვერ გადაგვყავს თავის კამერაში - მეთქი. ვეღარაფერი ქნა და ბრძანება გასცა, გაუშვითო" - იხსენებდა სულხან მოლაშვილი.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით