20-08-2020
ონკოპაციენტებისთვის ახალი თაობის პრეპარატები მკურნალობის ბოლო ეტაპზეც დაფინანსდება.
როგორც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, აქამდე მოქალაქეებს მკურნალობის ბოლო ეტაპის დაფინანსება თავად უწევდათ.
მინისტრის თქმით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეპარატების ახალი თაობა ამ ეტაპზეც ხელმისაწვდომი გახადოს პაციენტებისთვის.
„დღესდღეობით საქართველოში ფიქსირდება 38 000-ზე მეტი ონკოპაციენტი, რომელიც ებრძვის ამ საშინელ სენს და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ტვირთი არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვის და ეს ტვირთი არის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური და ფინანსური. სწორედ აქედან გამომდინარე 2019 წლის ნოემბრეში ჩვენ შევქმენით საკმაოდ გაფართოებული ჯგუფი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და პაციენტთა ჯგუფები, სადაც ჩვენ შევიმუშავეთ სწორედ ის ცვლილება, რომელიც დღეს გვინდა შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს და ეს ცვლილება ეხება იმ მნიშვნელოვან პრეპარატებს, რომელიც არის თანამედროვე მიდგომებით და ძალიან ეფექტური გამოსავლებით ხასიათდება - მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას ვგეგმავთ ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღემდე ფინანსდებოდა ამ პრეპარატების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როცა ჩვენს მოქალაქეებს უკვე საბოლოო ეტაპზე არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა ამ პრეპარატებზე და უწევდათ ჯიბიდან გადახდა. ჩვენ ვიცით, რომ დაავადების ბოლო ეტაპზე ეს არის ძალიან რთული და სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო იღებს თავის პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ რთულ პერიოდშიც დააფინანსოს და პრეპარატების ახალი თაობა, რომელიც არის ყველაზე ეფექტური ამ დაავადებასთან ბრძოლაში, გახადოს ყველა იმ მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი, რომელსაც ეს საჭიროება უდგას,“- განაცხადა ტიკარაძემ.