გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა ყოველი თვის 1-ლი რიცხვიდან 14 რიცხვამდე დაიწყება

27-08-2020

ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-ლი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პენსიონერებს პენსიები ყოველი თვის 14 რიცხვში ერიცხებათ და ეს მუდმივად, ბანკების ფილიალებში და განსაკუთრებით „ლიბერთი“ ბანკის ფილიალში საკმაოდ მაღალი დისკომფორტის, რიგების საბაბი იყო ყოველთვის.

„ჩვენი ყურადღების ცენტრი, რა თქმა უნდა, გახლავთ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, ჩვენი პენსიონერები. აქაც, ჩვენ გვქონდა საკმაოდ შედეგიანი მსჯელობა საბანკო სექტორთან და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები. მოგეხსენებათ, რომ პენსიები ჩვენს პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში, რაც ბანკების ფილიალებში და განსაკუთრებით „ლიბერთი“ ბანკის ფილიალში საკმაოდ მაღალი დისკომფორტის, რიგების საბაბი იყო ყოველთვის.

პანდემიის პირობებში, დისკომფორტის გარდა, ეს არის მაღალი რისკის მატარებელი ეპიდემიის გავრცელებისთვის. მოგეხსენებათ, რომ მოხუცები მაღალი რისკის ჯგუფში არიან. ამიტომ, ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-ლი რიცხვიდან, 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი. ამას უზრუნველყოფს ბანკი. არანაირი ტექნიკური შეფერხება, ან პრობლემა არ და ვერ იქნება.

შესაბამისად, მთავარი შედეგი ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რომ მობილობა, რიგები უნდა დაეცეს და ჩვენს პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა ერთ დღეს ყველამ, მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღოს პენსია, არამედ 1-ლი რიცხვიდან, 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს გავრცელება, განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ნაბიჯი, რითიც უბრალოდ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას და ზრუნვას ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930