გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ რუსული ოკუპაცია დასრულდეს

3-09-2020

დიდი პატივია აქ, ჯამბაკურ-ორბელიანის სახლ-მუზეუმში ყოფნა. გარდა ამისა, ლამისყანაში საოკუპაციო ხაზიდან აქვე, ხელის გაწვდომამდე. დიდი პატივია და პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა, ივანე ჯავახიშვილის სამშობლოში ყოფნა და თქვენთან საუბარი და რაც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, გიორგი მაზნიაშვილის სამშობლოში ყოფნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლისას, 2008 წლის აგვისტოს ომსა და რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა და მას ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა უწოდა.

„შეუძლებელია, ამ გარემოში, ამ სახლ-მუზეუმში, არ გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტო და არ გავიხსენოთ ის გმირი ქართველები, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისთვის სიცოცხლე დადეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ - კასპში, გორში, ქართლში, სამეგრელოში თუ სამცხეში, ოკუპაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. ოკუპაცია არის პრობლემა, რომელიც იქნება ყოველდღიურად ჩვენთვის, სანამ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ. როდესაც რუსულ ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, ყოველდღიურად ვშრომობთ იმისთვის, რომ ქვეყანა გავაძლიეროთ, ეკონომიკა გავხადოთ წარმატებული, ვიზრუნოთ თითოეულ ადამიანზე, გაძლიერდეს და კეთილსინდისიერად ვიმუშაოთ თითოეული დღე ჩვენი მომავლისთვის, იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზის იქით, ჩვენმა ოსმა, აფხაზმა მოქალაქეებმა, ნახონ ეს სხვაობა. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობის მიზანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ კასპში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყოველ დღე, როდესაც ვდგებით და ვიწყებთ ჩვენს სამუშაო დღეს, განსაკუთრებით კასპში, არ არსებობს არანაირი მიღწევა ან წარატება, რომელიც არ იქნება განპირობებული ოკუპაციით. როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე ეს არ არის მხოლოდ მიწა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში გახდნენ დევნილები. შეუძლებელია ჩვენ ქვეყნის გამარჯვებაზე ან წარმატებაზე ვისაუბროთ, სანამ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც იქნება თავის სამშობლოში დევნილი. ამიტომ, წარმატებული, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებები და ღირსება არის დაცული, ეს არის ის მიზანი, რომელსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მიზანს ჩვენ მხოლოდ ჩვენთვის არ ვაღწევთ - ვაღწევთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს არ ის ერთადაერთი გზა როგორ შეგვიძლია დავძლიოთ ჩვენ ეს ოკუპაცია,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა, რომელიც რეგიონში უახლოეს პერიოდში განხორციელდება, მათ შორისაა: შიდა გზებისა და საირიგაციო სისტემის მოწესრიგება, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა და სხვ.

„ყველა ის საქმე, რომელიც დაგვიწყია და ერთად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, აქ კასპში, არის კონკრეტულად მიმართული კონკრეტული ადამიანებისთვის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საგზაო ინფრასტრუქტურა ასე თუ ისე წესრიგშია ამოყვანილი და დღეს რაიონული ცენტრიდან სოფელში შეძლება ნორმალურად მივიდეთ, მაგრამ სოფლის შიდა გზები მოსაწესრიგებელია ბევრგან და კიდევ ბევრია სამუშაო. სასმელი წყალი - რომელიც ამ რეგიონში განსაკუთრებული პრობლემაა. წელს, მაგალითად, დაიწყება კასპში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც 1 წლის თავზე, კასპის მუნიციპალიტეტში 400 ჰა მიწას მორწყვადს გახდის. რა თქმა უნდა, ასეთი საქმე კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. დაიწყება ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც იქნება ასევე კასპში და ეს ხომ პირდაპირ ადგილობრივ მუნიციპალურ ბიუჯეტში შემოსავალია, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ეს ფული დახარჯოთ უფრო ეფექტურად. საერთოდ, ადამიანი პირველ რიგში როდესაც კასპში ვართ, ფერმერი, გლეხი, იქნება სახელმწიფოს, მთავრობის ყურადღების ცენტრში, სანამ ის ფეხზე არ დადგება და არ გაძლიერდება და არ შეძლებს თავის მეზობელზე თუ ნათესავზე იზრუნოს. ჩვენ მოსახლეობას უნდა მივეხმაროთ, რომ ყოველდღიური ღირსეული შრომით ღირსეულად არჩინონ ოჯახი. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და ეს ინფრასტრუქტურა უნდა შევქმნათ, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ იმ პროგრამებით, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს იშრომოს, იღვაწოს და შექმნას უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე. კასპში ბოლო 2 წლის განმავლობაში 436 ჰა ბაღები არის განახლებული პროგრამით - „დანერგე მომავალი“. ეს, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს და არ უნდა დარჩეს არც ერთი ძველი ბაღი. დღეს კი ვამბობთ, რომ დავუდგებით გლეხს გვერდით და არასტანდარტულ ვაშლს მივიღებთ იმისთვის, რომ ადამიანის შრომა დაფასდეს, მაგრამ გვერდზე ხომ არის თანამედროვე ბაღი, რომელიც ამ პროგრამით - „დანერგე მომავალი“ არის გაკეთებული და სულ სხვა სტანდარტებისაა, მას დახმარებაც არ სჭირდება, ევროპული ბაზრისთვის გამზადებული პროდუქტია. ჩვენი ამოცანაა, რომ ამაში მოგეხმაროთ და ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ რაც არ უნდა გავაკეთოთ ქართლში, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის დაღუპული ბიჭები და ის ხალხი, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიღმაა,“- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, რუსული ოკუპაცია ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს მშვიდობიანად.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ოკუპაცია არ არის რაღაც ერთი მოვლენა და გამქრალი. ყველამ კარგად იცით და თქვენზე უკეთესად არავინ იცის, რა ხდება - ადამიანების მოტაცება, დატყვევება, დაპატიმრება. დღესაც გვყავს 3 ქართველი, რომლებიც მძიმე დღეში არიან და რომელთაც ყოველდღიურად დახმარება სჭირდებათ. ამიტომ შრომა, კეთილსინდისიერება, ქვეყანაზე ფიქრი და რაც მთავარია, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ რუსული ოკუპაცია ამ ქვეყანაში დასრულდეს მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან მძიმე ყოველდღიური შრომით, იმისთვის რომ ის წარმატებები და ის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ერთად შევქმნით იყოს არა მარტო ჩვენი, არამედ იყოს ჩვენი ოსი და აფხაზი ძმებისთვის,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს ყურადღება მომავალ არჩევნებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება გორის და კასპის ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში.

„არჩევნები არის კიდევ ერთი ეტაპი იმისთვის, რომელმაც უნდა მოგვცეს შესაძლებლობა გავაგრძელოთ იმ საქმის კეთება, რომელიც დაწყებული გვაქვს. გიგი ხოჯევანიშვილი არის ამ კუთხის ღირსეული შვილი. ეს კაცი რამდენიმე წელი იყო გუბერნატორი. არავინ მასზე უკეთესად არ იცის კასპში, გორში, სად რა პრობლემაა. ამ კაცს ხვალინდელი დღიდან, არჩევნების მეორე დღიდანვე შეუძლია დაჯდეს და დაიწყოს იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც აქ არსებობს და დარწმუნებული ვარ, თქვენი ღირსეული ხმა იქნება საქართველოს პარლამენტში. ადგილობრივ ხელისუფლებაზე კიდე ახლა ის ადამიანია, რომელთანაც ყოველდღიური შეხება გექნებათ და დარწმუნებული ვარ, რომ რაც მთავარია ღირსეულ და სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ 31 ოქტომბერს, გამარჯვებას გისურვებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930