4-09-2020
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა და ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის ფედერაცია კვლავ მკაცრად გააკრიტიკეს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. წინა სხდომების მსგავსად, კომიტეტმა სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ კომპენსაციის გადახდა არის უპირობო ვალდებულება ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციის ადაადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და რუსეთი დღემდე არ ასრულებს ამ ვალდებულებას, რის გამოც მინისტრთა კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, ამასთან, რუსეთს მოუწევს ყოველ გადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა.
კომიტეტმა სინანულით აღნიშნა, რომ, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიითგამოწვეული სირთულეებისა, რუსეთის მთავრობამ არ გამართა კონსულტაციები მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან გადახდის მოდალობებთან დაკავშირებით, როგორც ეს დაევალა 2020 წლის მარტის განხილვის დროს.
შესაბამისად, შემდგომი დაყოვნების თავიდან ასაცილებლად მინისტრთა კომიტეტმა რუსეთის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, კომპენსაციის გადახდის თავისებურებებზე, ყოველგვარი დამატებითი დაგვიანების გარეშე, შემდეგ სხდომამდე კონსულტაციები გამართოს სამდივნოსთან და, სხვებს შორის, განხილულ იქნეს ტრანზაქციის საკითხში ევროპის საბჭოს შუამავლად გამოყენების შესაძლებლობა.
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად (რომელსაც დებატების გამართვა 2020 წლის დეკემბერში სურდა), კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე ხელახალი დებატები ჩანიშნა რამდენიმე კვირაში დაგეგმილ უახლოეს სხდომაზე – 2020 წლის სექტემბრის ბოლოს.
ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომიტეტმა გადაწყვეტილებები 2019 წლის 23-25 სექტემბერს, 3-5 დეკემბერსა და 2020 წლის 3-5 მარტს მიიღო, რითაც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე, 1500 პირზე.