16-09-2020
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ, მათივე შეფასებით ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"სააგენტო აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მიერ სიუჟეტში ნახსენები ინფორმაცია, თითქოს უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქართულ მისამართზე უცხო პირების რეგისტრაცია ხდება, წარმოადგენს დეზინფორმაციას.
სააგენტო „მთვარი არხის“ სიუჟეტში მისამართზე რეგისტრაციის საკითხზე ნახსენებ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე განმარტავს, რომ:
არჩილ ცაგურიშვილის რეგისტრაციის კონკრეტულ მისამართზე უცხო პირთა რეგისტრაციის ფაქტი სააგენტოს მონაცემთა ბაზების გადამოწმებით არ დასტურდება.
რაც შეეხება ნინო მათიკაშვილის მისამართზე რეგისტრირებულ პირებს - ნინო მათიკაშვილის რეგისტრაციის რეალურ მისამართზე დარეგისტრირებულია 7 პირი, ერთ-ერთია რევაზ ყარალაშვილი, რომელიც აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულია 2002 წლიდან. თუკი 18 წლის წინ ყარალაშვილის მისამართზე რეგისტრაცია მოხდა არასწორად, ბინის მესაკუთრემ თავად უნდა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი მოთხოვნით რის შემდეგაც ჩანაწერი გასწორდება.
რაც შეეხება სიუჟეტში მონაწილე მესამე პირს, რომლის ვინაობაც უცნობია, ის მიუთითებს, რომ მის საკუთრებაში არსებულ ფართზე რეგისტრირებულია მისთვის უცნობი ორი მოქალაქე - ნინა მოლაშვილი და თეონა ონიაშვილი. სინამდვილეში, სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ყველა ნინა მოლაშვილის და თეონა ონიაშვილის გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ არცერთი ნინა მოლაშვილი და თეონა ონიაშვილი ერთსა და იმავე მისამართზე რეგისტრირებულები არ არიან.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დაინტერესებულ პირებისთვის განმარტავს, რომ პირის რეგისტრაციიდან მოხსნა შესაძლებელია ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში.
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრეა, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, მან უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირის გარდა მის საცხოვრისში რეგისტრირებულ პირთა სია და ამ რიცხოვნობის დამადასტურებლად შესაბამისი კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების) გადასახადების ქვითარი;
- თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრე არ არის, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, განცხადებას უნდა ერთვოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე.
რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, 2013 წლიდან, ინტენსიურად ახორციელებს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებისა და პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების მაქსიმალურად სრულყოფის სამუშაოებს.
სწორედ ამ გრძელვადიანი და თანმიმდევრული სამუშაოების შედეგია ის, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა.
გარდა ამისა, ამავე ანგარიშის თანახმად, მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების უმეტესობამ ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ საერთო ნდობა გამოხატა" - ნათქვამია განცხადებაში.