16-09-2020
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, სოსო არჩვაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ექსპერტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო დღეებში სამედიცინო სფეროდან წამოსული არც თუ სახარბიელო ინფორმაციის ფონზე შეიძლება ითქვას, ერთგვარი „მორალური კომპენსაციის“ სახით უცხოელი პარტნიორებისაგან ერთი მეორეს მიყოლებით მოდის ქართული მხარის პოზიტიური შეფასება და პოზიტიური მოლოდინები საქართველოს ეკონომიკის მომავალზე - სულ რამდენიმე დღის წინ პოზიტიურ კონტექსტში იქნა შეფასებული საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური სექტორის პერსპექტივები საერთაშორისო აღიარებული სარეიტინგო სააგენტოების (Standard &Poor’s, Fitch) მიერ, შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში დადებითი შეფასება მიეცა საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატს; ამას მოჰყვა აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს ეკონომიკის პოზიტიური შეფასება და პროგნოზი. ახლახანს კი დეტალური საგნობრივი ანალიზის საფუძველზე უკვე სავალუტო ფონდის მისიამაც განახორციელა შეფასებები და ასევე, პოზიტიური შეფასებით დაასრულა თავისი ანგარიში.
რა თქმა უნდა, არც ერთი ზემოხსნებული ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტი არაა „ხიბლში ჩავარდნილი“ საქართველოთი - პირიქით, ისინი კარგად ხედავენ ჩვენს რეალობაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. უფრო მეტიც, სავალუტო ფონდის ანგარიშში საერთოდ საუბარია იმაზეც, რომ პანდემიის გამო „საგარეო ტურიზმი გაქრა“ და რომ „საგარეო მოთხოვნის აღდგენა სუსტია“. მაგრამ იმავდროულად, აღნიშნული ორგანიზაციის მისია კარგად ხედავს და ობიექტურად აფასებს ქართული მხარის ძალისხმევას და მიღწევებს სტრუქტურული რეფორმების ხაზით და ხაზს უსვამს მათ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მაღალი და უფრო მეტად ინკლუზიური ზრდის პოტენციალის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის.
მისიის შეფასებით, წლის მეორე ნახევრიდან ადგილობრივმა მოთხოვნამ ზრდა დაიწყო, რაც არის იმის გარანტია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალობაზე ეკონომიკა შეძლებს ჩვეული ტემპებით მუშაობის გაგრძელებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია დადებითად ახასიათებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას როგორც მთლიანად, ისე მისი ცალკეული შტოების (მთავრობა, პარლამენტი, ეროვნული ბანკი) კონკრეტულ წვლილს მიღწეულ შედეგებში. ასე მაგალითად, ფონდის მისია იწონებს მთავრობის ძალისხმევას, რომლითაც მან გაზარდა სოციალური ხარჯები, აამოქმედა გადასახადებში დროებითი შეღავათები მოსახლეობისა და ბიზნესისათვის, გამოუყო სუბსიდია ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებს. მისიის განცხადებით, გადასახადების შემსუბუქება და მოწყვლადი სოციალური ფენების დახმარება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეკავების თვალსაზრისით. ასევე, დადებითადაა შეფასებული საგადასახადო ადმინისტრირების ფისკალური რისკების აღწერისა და გაუმჯობესების შემდგომი ნაბიჯებიც, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვის გაუმჯობესების მხრივ.
პარლამენტის მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებიდან ხაზგასმულია ივნისში მიღებული კანონი საბაზისო პენსიის ინდექსირების შესახებ და, ის, რომ უახლოეს მომავალში დამტკიცდება კანონი გადახდისუუნარობის შესახებ.
საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო ფონდის მისიამ აქტივში ჩაუთვალა პოლიტიკის განაკვეთის შემცირება; ამასთან, თავად მისია თვლის, რომ მოქნილი გაცვლითი კურსის პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია შოკთან გასამკლავებლად.
მთლიანობაში, ქართული მხარის გამოცდილებისა და მიღწევების პოზიტიური შეფასება საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ პანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზარალის მინიმიზაციისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის საქმეში ფაქტობრივად იმასაც ნიშნავს, რომ ბევრი მიმართულებით ეს მიღწევები საერთაშორისო განზოგადებასაც იმსახურებენ. ამიტომ პანდემიის პირობებში საზოგადოების, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროების მართვის „პროტოკოლში“, რომელიც ფაქტობრივად ახლა იწერება მსოფლიოში, ჩვენი ქვეყნის გამოცდილება ნამდვილად უნდა იქნას ასახული"-წერს ექსპერტი.